Pin It

 

"ვოლგა" გაზ-21, III სერია ("Волга" ГАЗ-21, III серия, "Volga" GAZ-21-III)

gaz21 3 1

 თბილისის ავტომუზეუმის კოლექციიდან: "ვოლგა" ГАЗ-21, ე. წ. "მესამე სერია".

მწარმოებელი გორკის ავტოქარხანა (ГАЗ)
 მოდელი

გაზ-21 ''ვოლგა'' (მესამე სერიის)

(ГАЗ-21 "Волга"; GAZ-21 "Volga")

გამოშვების წლები 1962 - 1970
ძარა

4 კარი, სედანი (5-6 ადგილი)

 ტიპი

4 × 2, უკანა წამყვანღერძიანი

ძრავა

ЗМЗ-21/21А, 2445 კუბ.სმ, 70-75 ცხ.ძ.

ЗМЗ-21Е/21Д. 75-80 ცხ. ძ. (საექსპორტო)

გადაცემათა კოლოფი მექანიკური, 3 საფეხურიანი
მაქს. სიჩქარე  130 კმ./სთ.
ავზის მოცულობა 60 ლ.
საწვავის ხარჯი 13 ლ. / 100 კმ.
გაბარიტები 4770x1800x1620 მმ.
ტვირთამწეობა 500 კგ.
წონა 1460 კგ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1962 წლის იანვრიდან გორკის ავტოქარხანამ დაიწყო "ვოლგის" მნიშვნელოვნად მოდერნიზირებული ვერსიის - ГАЗ-М-21Л გამოშვება, რომელსაც არაოფიციალურად "მესამე სერია" შეერქვა.

ჯერ კიდევ ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში შემუშავებული "ვოლგის" დიზაინი ამ დროისთვის უკვე არქაულად გამოიყურებოდა, შემდგომი მოდელი კი პროტოტიპის სტადიამდეც არ იყო მიყვანილი. ქარხანა რთული ამოცანის წინაშე იდგა: კონსტრუქციაში მინიმალური ცვლილების შეტანით გაეთანამედროვებინა მანქანის შესახედაობა. პირველ რიგში მოდერნიზაცია ბამპერს შეეხო - მას მოაშორეს "ეშვები" და ვიზუალურად ორ ნაწილად გაყვეს: ზედა ქრომირებულად დარჩა, ქვედა კი ძარის ფერში იყო შეღებილი. დაგრძელებული წინა მოხვევის მაჩვენებლები ახლა გვერდით ზედაპირებზეც იყვნენ გადმოსულები.

gaz21 3 3

ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცვლილებებმა მანქანის შესახედაობას მეტი სიმსუბუქე და დინამიურიბა შესძინა, რასაც კიდევ მეტად ხაზს უსვამდა ახალი რადიატორის გისოსი. ის 37 ვერტიკალური რიკულისგან შედგებოდა - ხალხში "ზვიგენის კბილებად" წოდებული გისოსი "ვეშაპის ულვაშმა" შეცვალა.

VolgaIII 4

საბოლოოდ ჩაბარდა წარსულს "ვოლგის" თაყვანისმცემლებისთვის ესოდენ ძვირფასი "ირმის ნახტომიანი" მასკოტი (თუმცა მეორე სერიის მანქანებზეც მას სულ უფრო იშვიათად აყენებდნენ). ეს ქრომირებული ფიგურა დამატებით საშიშროებას უქმნიდა ფეხით მოსიარულეებს მანქანის დაჯახებისას, თანაც წვიმიან ამინდში მაღალი სიჩქარით მოძრაობისას შხეფებს აფრქვევდა წინა მინაზე. ყველაფერთან ერთად, "ირემზე ნადირობა" წვრილი ქურდებისვის სტაბილურ შემოსავლის წყაროდ იქცა. ცვლილებები შეეხო სავალ ნაწილსაც - გაიზარდა ძრავის სიმძლავრე (75 ცხ. ძ.-მდე), ბერკეტული ამორტიზატორები ტელესკოპიურით შეცვალეს, საწარმოს პროგრამიდან საბოლოოდ ამოიღეს ავტომატური გადაცემათა კოლოფის შექმნა.

VolgaIII 3

მოდერნიზაცია სალონსაც შეეხო - დივანების გადასაკრავად უფრო მედეგი ქსოვილი გამოიყენეს, წინა დივანის ჩამოსაკეც ზურგს საყრდენი "ფეხები" მოუხსნეს, ჭერს ახალი ტიპის ტყავის შემცვლელი გადააკრეს. მეორე სერიისგან განსხვავებით, "ვოლგებს" ახლა უკვე ორ ფრად აღარ ღებავდნენ (ცალკეული ტაქსების გარდა). "ვოლგის" საექსპორტო ვარიანტი ГАЗ-М-21М ინდექსით გამოდიოდა და პირველ რიგში ქრომირებული ელემენტების სიუხვით გამოირჩეოდა. 1965 წელს ქარხანამ "ვოლგის" კონსტრუქციაში შესამჩნევი ცვლილებები შეიტანა - ეს იყო ახალი კარბიურატორი К-124, გორგოლაჭიანი საკისრები და სხვა. თავდაპირველად ქარხანა მანქანის ექსტერიერის მნიშვნელოვან განახლებასაც გეგმავდა, შეიძლება ითქვას, საუბარი იყო შემდგომი, "მეოთხე სერიის" გამოშვებაზე. საბოლოოდ ყველაფერი მხოლოდ ერთი პროტოტიპის შექმნით შემოიფარგლა - ამ დროისთვის უკვე დასასრულს უახლოვდებოდა მუშაობა ახალ, 24-ე მოდელზე, ამდენად ძველი "ვოლგის" მორიგი "რესტაილინგი" არამიზნშეწონილად ჩათვალეს.

VolgaIII 2

1965 წლის მოდიფიკაციას ГАЗ-21Р ინდექსი მიანიჭეს - 8 წლის წინ "ანტიპარტიულ შეთქმულებაში" მხილებული ვ. მოლოტოვის ინიციალი მანქანის დასახელებიდან საბოლოოდ ამოიღეს (თუმცა ამ დროისთვის ასო М-ის მნიშვნელობა თითქმის აღარავის ახსოვდა). საექსპორტო ვერსიას ГАЗ-21УС ინდექსი ჰქონდა მინიჭებული, ქრომის სიუხვის გარდა ის ფორსირებული (80 - 85 ცხ. ძ.) ძრავით გამოირჩეოდა. 60-ანი წლების ბოლოს "ვოლგის" ექსპორტმა საგრძნობლად იკლო, რის გამოც ავტომობილების სულ უფრო მეტი ნაწილი შიდა ბაზარზე ხვდებოდა. ძირითადად მათ სახელმწიფო ორგანიზაციებს უნაწილებდნენ, კერძო მომხმარებელს საექსპორტო "ვოლგის" შეძენა მხოლოდ "ბერიოზკის" სისტემის მაღაზიიდან თუ შეეძლო.

VolgaIII 1

ბოლო წლებში გამოდიოდა ასევე მოდიფიკაცია ГАЗ-21С - ფორსირებული "საექსპორტო" ძრავით, თუმცა ზედმეტი "ქრომის" გარეშე. ასეთი მანქანები მეტწილად მილიციას მიეწოდებოდა.

ახალი, 24 -ე მოდელის მასობრივი გამოშვება სულ უფრო ჭიანურდებოდა, ამიტომაც ГАЗ-21 -ის წარმოება 1970 წლამდე გაგრძელდა. 21-ე მოდელის "მესამე სერია" ყველაზე მასობრივი აღმოჩნდა - სულ 470 000 ასეთი მანქანა იყო გამოშვებული. ამის მიუხედავად, რიგითი ადამიანისთვის ხელმისაწვდომ მანქანად "ვოლგა" მაინც ვერ იქცა.

თუ გამოშვების პირველ წელს "ვოლგის" ყიდვა სულ რაღაც 1740 მანეთად ("ახალი" კურსით) შეიძლებოდა, 1965 წლისთვის მისი ფასი 5100 მანეთს შეადგენდა, საექსპორტო მოდელისთვის კი 6455 მანეთს აღწევდა.

gaz21 3 2

 

 

© თბილისის ავტომუზეუმი. 2019

 

Pin It

Premium Downlaod Templatesby bigtheme.org

София Дървени дъски

София Иглолистен дървен материал

Online bookmaker Romenia bet365