Geo Flag2 EN Flag
Pin It

რაფ-22031 "ლატვია" (RAF-22031 Latvija)

 

 თბილისის ავტომუზეუმის კოლექციიდან: რაფ-22031 "ლატვია" (სანიტარული).

001raf

 

მწარმოებელი რიგის ავტობუსების ფაბრიკა (RAF), ელგავას ავტოქარხანა.
 მოდელი

რაფ-22031 "ლატვია" (RAF-22031 Latvija)

გამოშვების წლები 1976 - 1997
ძარა

4 კარი, სანიტარული მიკროავტობუსი.

 ტიპი

4 × 2, უკამა წამყვანღერძიანი

ძრავა

ЗМЗ24Д, 2445 კუბ.სმ, 95 ცხ.ძ. (1976-1987)

ЗМЗ-402.10 2445 კუბ.სმ, 98 ცხ.ძ. (1987-1997)

გადაცემათა კოლოფი მექანიკური, 4 საფეხურიანი
მაქს. სიჩქარე  120 კმ./სთ.
ავზის მოცულობა 55 ლ.
საწვავის ხარჯი 12-15 ლ. / 100 კმ.
გაბარიტები 4940x2035x1970 მმ.
ტვირთამწეობა 960 კგ.
წონა 1670 კგ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

RAF-2203 Latvija ყველაზე მასობრივი მიკროავტობუსი იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში. მასზე მუშაობა ქ. რიგის ავტობუსების ფაბრიკამ (Rīgas Autobusu Fabrika, RAF) ჯერ კიდევ 1963 წელს დაიწყეს, როდესაც წინა მოდელის, RAF-977D -ს სერიული გამოშვება შედარებით ახალი ათვისებული იყო. 977 მოდელი „ვოლგა“ ГАЗ-21-ის შასის ბაზაზე იყო შექმნილი, ექსპლუატაციის პირველივე წლებში გამოვლინდა მისი ბევრი ნაკლოვანება, ეს განსაკუთრებით მგზავრების კომფორტს და მძღოლის მუშაობის პირობებს ეხებოდა.

977 მოდელის იატაკი მაღალი იყო, ამავდროულად ჭერის სიმაღლე საკმარისზე ნაკლები იყო, ამიტომაც ჩასხდომისას მგზავრს ფეხიც მაღლა უნდა აეწია და თავიც დაეხარე იმავდროულად. წინა დასაჯდომი პირდაპირ ბორბლების თავზე იყო განლაგებული და მასზე შეჯდომა მგზავრისგან კარგ სპორტულ მომზადებას მოითხოვდა. მძღოლის სავარძელი მხოლოდ წინ და უკან გადაადგილდებოდა, ზურგის დახრა რეგულირებადი არ იყო.

ძრავა წინა სავარძლებს შორის იყო განთავსებული, რის გამოც სივრცე როგორც მძღოლისთვის, ასევე წინ მჯდომი მგზავრისთვისაც შეზღუდული იყო, სამგზავრო სალონში კი ავტობუსის სტანდარტული სკამები იყო ჩამომწკრივებული. ვინ იფიქრებდა მაშინ, რომ ამ მოდელის გამოშვება 1976 წლამდე გაგრძელდებოდა, ხოლო მისი სატვირთო მოდიფიკაციის - ЕрАЗ-762 (იგივე RAF-977K) წარმოება მხოლოდ 1996 წლისთვის შეწყდებოდა.

პირველი პროტოტიპი ინდექსით RAF-982-0 1965 წლისთვის შეიქმნა, მისი ძარა მინა-პლასტიკისგან იყო დამზადებული. სატესტო ექსპლუატაციის პერიოდში პროტოტიპი ავარიაში მოყვა, რომელშიც მგზავრები დაშავდნენ, ამას ნიკიტა ხრუშჩოვის გადადგომაც დაერთო, რომელიც მინა-პლასტიკის წარმოებაში დანერგვის დიდი მომხრე იყო. ნათელი გახდა, რომ ამ მასალის გამოყენებას პერსპექტივა არ ჰქონდა.

შემდგომში მიკროავტობუსზე დიზაინერების ორი დამოუკიდებელი ჯგუფი მუშაობდა პარალელურად. 1967 წლისთვის მზად იყო ინჟინერ ა. მეიზესის ჯგუფის პროტოტიპი - RAF-982-I „ციკლონი“. გარეგნულად ეს მანქანა Ford-Transit -ს წააგავდა და ორიგინალობით არ გამოირჩეოდა, სამაგიეროდ მძღოლის ადგილმა ბორბლის უკან გადაინაცვლა, რამაც შეასუსტა დატვირთვა წინა ხიდზე, გაიზარდა უსაფრთხოება წინ მჯდომი მგზავრებისთვის, ძრავა უფრო ადვილად მისაწვდომი გახდა რემონტისთვის.

002raf

მეორე ჯგუფმა, რომელსაც ა. ბერგსი ხელმძღვანელობდა, თავისი პროტოტიპი - RAF-982-II მხოლოდ 1968 წელს წარმოადგინა. ფუტურისტული კუთხოვანი ფორმების მქონე ძარა არტურ ეისერტის მიერ იყო შექმნილი, ის არც ერთ იმდროინდელ უცხოურ მოდელს არ გავდა. პროტოტიპზე „მოსკვიჩ-412“ -ი ძრავა იდგა. 977 მოდელთან შედარებით მიკროავტობუსი უფრო ფართო და მოკლე გახდა, სალონი კვლავაც 11 მგზავრს იტევდა. ამავე დროს არ იყო გაუმჯობესებული ღერძებს შორის წონის განაწილება წინა მოდელთან შედარებით, არ იყო გადაწყვეტილი წინ მსხდომი მგზავრების უსაფრთხოების პრობლემა.

003raf

ორივე პროტოტიპი მოსკოვში წარადგინეს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანისგან შემდგარმა კომისიამ ხმა პირველ პროტოტიპს მისცა, მაგრამ ქარხნის ხელმძღვანელობა მეორე, ფუტურისტული პროექტის მომხრე იყო. პირველ ეგზემპლიარს მეორეც წამოაწიეს, რომელსაც უფრო ტრადიციული შესახედაობა ჰქონდა. საბოლოოდ დავა რიგელთა სასარგებლოთ გადაწყდა, საბოლოო სახით მიკროავტობუსი მეორე პროტოტიპის მიხედვით შეიქმნა. 1971 წლისთვის მანქანა ავტოტრანსპორტის სამინისტროში წარმოადგინეს, მას RAF-2203 ინდექსი მიენიჭა. ამის შემდეგ ლატვიის ქალაქ ელგავაში დაიწყეს ახალი ქარხნის მშენებლობა, რომელსაც წელიწადში 17 000 მიკროავტობუსი უნდა გამოეშვა.

2203 მოდელის პირველი მიკროავტობუსები ახალმა ქარხანამ 1975 წლის დეკემბერში გამოუშვა. ტრადიციისამებრ, მისი წარმოების დაწყება პარტიის მორიგ ყრილობას მიუძღვნეს. მიკროავტობუსების მასობრივი წარმოება 1976 წლის თებერვლისთვის დაიწყეს.
მიკროავტობუსის ძრავა, ტრანსმისია და საჭის მექანიზმი „ვოლგა“ ГАЗ-24-დან იყო აღებული, ყველა დანარჩენი ნაწილი სხვადასხვა სერიულ ავტომობილთან იყო უნიფიცირებული. მაგალითად, უკანა დაკიდების რესორები „ჩაიკის“ იდენტური იყო. მართკუთხა ფორმის ფარები აღმოსავლეთ გერმანიიდან იყო იმპორტირებული, ზუსტად ასეთებს აყენებდნენ მოსკოვის ქარხნის „მოსკვიჩებზეც“. კარის სახელურები ასევე „მოსკვიჩ-412“-დან იყო გადმოტანილი.

004raf

წინა მოდელთან შედარებით დადაბლდა სიმძიმის ცენტრი, მანქანა უფრო მანევრირებადი და მდგრადი გახდა, რამაც ორკონტურიან სამუხრუჭე სისტემასთან ერთად მნიშვნელოვნად გაზარდა მისი უსაფრთხოება, თუმცა ღერძებს შორის წონის განაწილების პრობლემა ბოლომდე მაინც ვერ გადაწყდა.
სალონში დერმატინით გადაკრული ტრავმა-უსაფრთხო განცალკევებული სავარძლები იყო დამონტაჟებული, ყველა სახიფათო ელემენტი ელასტიკური მასალით იყო დაფარული, ყველა მინა სამფენიანი, ტრიპლექსის ტიპის იყო.

005raf

ყოველივე ამასთან ერთად მიკროავტობუსის იატაკი ფანერისგან იყო დამზადებული, სამოცდაათიანი წლებისთვის ეს აშკარა ანაქრონიზმი იყო, მაგრამ ასეთმა გადაწყვეტამ საგრძნობლად შეამცირა მანქანის წონა.

საბაზო 2203 მოდელთან ერთად ქარხანა მის მრავალრიცხოვან მოდიფიკაციას უშვებდა, ყველაზე მასობრივი მათ შორის სანიტარული მოდიფიკაცია, RAF-22031 იყო. მძღოლის ადგილი სანიტარული სალონისგან გამჭვირვალე ტიხრით იყო გამოყოფილი, სალონი ადვილად რეცხვადი მასალებით იყო მოპირკეთებული. სანიტარულ სალონში საკაცე, ასაკეცი სკამები და სხვადასხვა სამედიცინო აპარატურა იყო განთავსებული, მათ შორის ჟანგბადის ინჰალატორი და ხელოვნური სუნთქვის აპარატი.

006raf

სამწუხაროდ, ჭერის დაბალი სიმაღლე არ იძლეოდა „რაფის“ ბაზაზე სრულფასოვანი რეანიმობილისთვის აუცილებელი აპარატურის განთავსების საშუალებას, სამედიცინო პერსონალს მანქანაში გამართულად დგომა არ შეეძლო, ამის გამო მედიკოსები პაციენტის გადასარჩენად საჭირო წუთებს უქმად კარგავდნენ.

007raf

1980 წელს „რაფის“ ბაზაზე რეანიმობილის შექმნა ფინურ კომპანია Tamro -ს დაუკვეთეს. მიკროავტობუსის სახურავი აამაღლეს, სალონში უნიკალური სამედიცინო აპარატურა დააყენეს. თითოეული ასეთი რეანიმობილის ფასი აპარატურიანად 40000 დოლარს შეადგენდა.

008raf

1989 წლისთვის ქარხნის სპეციალისტებმა საკუთარი ძალებით შექმნეს რეანიმობილის უფრო იაფი მოდიფიკაცია - RAF-2914-01. ახალ მოდელს ამაღლებული მინა-პლასტიკის სახურავი ჰქონდა, კუთხეებში მოციმციმე სანათები იყო განთავსებული. ასეთი რეანიმობილი ფინურზე იაფი ჯდებოდა, თუმცა შესაბამისად მათი ხარისხიც უფრო დაბალი იყო. 5 წლის განმავლობაში ქარხანა 200 რეანიმობილს უშვებდა წელიწადში.

009raf

ელგავას ქარხნის პროდუქცია 1980 წელს მოსკოვში გამართული ოლიმპიადისთვის იყო შერჩეული (პრინციპში, სხვა ალტერნატივა არც არსებობდა). მცირე პარტიებით გამოშვებული იყო სპეციალური ტექნიკა: ოლიმპიური ცეცხლის თანმხლები მანქანა, მიკროავტობუსი აფრიანი და ნიჩბიანი ნავების ბუქსირებისთვის, პიკაპი ველორბოლის მხარდაჭერისთვის, ელექტრომობილები მსაჯებისთვის, მათ შორის მზის ელემენტებით აღჭურვილი, ასევე საწევარი ავტომატარებლებისთვის.

010raf

011raf

012raf

შიდა ბაზარზე „რაფი“ ყველაზე მასობრივი მიკროავტობუსი იყო, შეიძლება ითქვას, ღირსეული კონკურენტი მას არც ჰყავდა. „ბუხანკა“ (УАЗ-452) მეტად არაკომფორტული გამოდგა, ის სოფლის დანგრეული გზებისთვის იყო განკუთვნილი. პოლონეთიდან შემოდიოდა მიკროავტობუსები Nysa და Żuk, მაგრამ მათი რაოდენობა უმნიშვნელო იყო.

80-ან წლებში სიტყვა „რაფი“ მიკროავტობუსის სინონიმად იყო ქცეული, თუმცა ამავე პერიოდში ელგავას ქარხნის, ისევე როგორც სხვა ავტოსაწარმოების პროდუქციის ხარისხმა საგრძნობლად იკლო. 1986 წლისთვის დაიწყო ქარხნის მოდერნიზაცია, ამავდროულად იგეგმებოდა განახლებული მოდელის - RAF-22038 -ის ათვისება, რომლის საცდელი ეგზემპლიარი 80-ანი წლების დასაწყისში იყო შექმნილი. ცვლილებებიდან აღსანიშნავი იყო გაძლიერებული ძარა, რომლის სახურავზე ლიუკი იყო გაკეთებული, დამატებული იყო ასევე პატარა უკანა სარკმელები.

013raf

ახალი მოდელის ერთბაშად ათვისება ქარხანამ ვერ შეძლო, ამიტომაც 1987 წლიდან დაიწყო გარდამავალი მოდელის - RAF-2203-01 -ის წარმოება. შესაბამისად ყველა მოდიფიკაციის ინდექსს 01 დაემატა ბოლოში. ამ მოდელზე მოდერნიზებული ძრავა, ЗМЗ-402.10 დააყენეს, ის გამოირჩეოდა ალუმინის ბამპერებით, წინა კარების უსარკმელო ფანჯრებით, სახურავიდან და უკანა სადგარებიდან გაქრა გაბარიტის ნათურები, ხოლო გაზ-21-ის ბორბლების დისკები ორიგინალურით, ვარსკვლავისებრით შეცვალეს. ძარის გასაძლიერებლად წინა სავარძლებსა და სამგზავრო სალონს შორის არასრული ტიხარი დააყენეს. სპეციალური დაკვეთით სახურავზე ლიუკსაც აყენებდნენ.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ფასები მანქანის კომპონენტებზე მკვეთრად გაიზარდა, საბაზრო კონკურენციის პირობებში თავის გადასარჩენად ქარხანამ მცირე სერიებით ახალი მოდიფიკაციების გამოშვება დაიწყო, მათ შორის სატვირთოსი - RAF-33111-ის, პიკაპის - RAF-33113-ის.

014raf

015raf

1994 წლიდან ქარხანამ მაინც წამოიწყო 22038 მოდელის წარმოება, თუმცა მას 22038-02 ინდექსი მიენიჭა. ახალი მოდელი გამოირჩეოდა მოდერნიზებული მუხრუჭით, გაუმჯობესებული კარბურატორით, ვენტილაციის ახალი სისტემით, ასევე ინერციული ტიპის უსაფრთხოების ღვედებით. „მოსკვიჩ-408“-ს მოძველებული სახელურები თანამედროვე, შავი ფერისებით შეცვალეს.

სამწუხაროდ, რიგისა და ელგავას ქარხნების პროდუქცია ვეღარ უძლებდა გაზრდილ კონკურენციას უცხოური ფირმების მხრიდან, 1997 წელს მიკროავტობუსების გამოშვება საბოლოოდ შეწყდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ საწარმომ არსებობა შეწყვიტა. სულ RAF-2203-ის ყველა გამოშვებული მოდიფიკაციის საერთო რიცხვმა 274 000 -ს გადააჭარბა.

016raf

 

 

 © თბილისის ავტომუზეუმი. 2021

 

 

 

Pin It

Premium Downlaod Templatesby bigtheme.org

София Дървени дъски

София Иглолистен дървен материал

Online bookmaker Romenia bet365