Geo Flag2 EN Flag
Pin It

 

"ჩაიკა" გაზ-13 ("Чайка" ГАЗ-13; "Chaika" GAZ-13)

 

gaz13 001

 

 მწარმოებელი გორკის ავტოქარხანა (ГАЗ)
 მოდელი

გაზ-13 ''ჩაიკა''; (ГАЗ-13 "Чайка"; GAZ-13 "Chaika")

 გამოშვების წლები 1959 - 1981
 ძარა

4 კარი, სედანი, ლიმუზინი (7-8 ადგილი), კაბრიოლეტი (6 ადგილი)

 ტიპი

4 × 2, უკამა წამყვანღერძიანი

 ძრავა

ГАЗ-13, ГАЗ-13Д. 8 ცილინდრი, 5526 კუბ.სმ, 195, 215 ცხ.ძ.

 გადაცემათა კოლოფი ავტომატური, ჰიდრომექანიკური, 3 საფეხურიანი
 მაქს. სიჩქარე 160 კმ./სთ.
 ავზის მოცულობა 80 ლ.
 საწვავის ხარჯი 21 ლ. / 100 კმ.
 გაბარიტები 5600x2000x1620 მმ.
 ტვირთამწეობა 600 კგ.
 წონა 2100 კგ.

 

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 40-ანი წლების ბოლომდე ამერიკელ ავტომწარმოებლებს თავისი სამოდელო რიგი პრაქტიკულად არ განუახლებიათ და ომამდელი მანქანების „შელამაზებით“ კმაყოფილდებოდნენ. ევროპულ ავტომრეწველობაში მდგომარეობა კიდევ უფრო სავალალო იყო - მოთხოვნა აქ უმარტივეს მიკრომანქანებსა და მოტოეტლებზე თუ არსებობდა. ეს ყველაფერი ომისშემდგომი ეკონომიური სიდუხჭირით აიხსნებოდა.

50-ანი წლების დასაწყისში მდგომარეობა ძირეულად შეიცვალა - აშშ-ში სამოდელო რიგის განახლება ყოველწლიურად ხდებოდა, საშუალოდ 3 წელიწადში ერთხელ კი დიზაინის სტილისტიკა კარდინალურად იცვლებოდა. ხორცი შეესხა დიზაინერთა ყველაზე თამამ იდეებს, საგრძნობლად იმატა როგორც ამერიკული მანქანების გაბარიტებმა, ასევე ძრავათა მოცულობამ და სიმძლავრემ, ექსტერიერის დიზაინში კი თვითმფრინავისა და კოსმოსური ხომალდის ელემენტები იჩენდა თავს.

რასაკვირველია, ამ ფონზე საბჭოთა ავტოპარკი როგორც გარეგნულად, ასევე კონსტრუქციულად უიმედოდ იყო მოძველებული, ეს სამთავრობო ავტომობილებსაც ეხებოდა - უმაღლესი რანგის ხელმძღვანელებისთვის განკუთვნილი ЗИС-110 ომამდელი Packard 180 -ის ბაზაზე იყო შექმნილი, საშუალო რგოლის ხელმძღვენელებისთვის განკუთვნილი „ზიმის“ დიზაინი კი ორმოციანი წლების ტენდენციებს ემყარებოდა. ყოველივე ეს უარყოფითად აისახებოდა ქვეყნის პრესტიჟზე.

gaz13 002

თავდაპირველად მდგომარეობის გამოსწორება ნაცადი ხერხით - არსებული მოდელების მოდიფიცირებით სცადეს. ჯერ კიდევ 1948 წელს მოსკოვის ქარხანაში ЗИС-110-ის შასის ბაზაზე აწყობილ იქნა ექსპერიმენტალური ЗИС-110М, რომელიც თავისი პონტონური ტიპის ძარით 1948 წლის „პაკარდს“ წააგავდა - მეტად წარუმატებელ მოდელს, რომელსაც ამერიკაში „გადაბრუნებულ აბაზანას“ ეძახდნენ.

gaz13 004a

გორკის ქარხანამ 1956 წლის ბოლოსთვის მოდერნიზებული „ზიმის“ რამდენიმე საცდელი მანქანა შექმნა, მათ შორის ორი ეგზემპლიარი ГАЗ-12В და ГАЗ-12Г ინდექსებით. ამ პროტოტიპების კონსტრუქციაში ბევრი სიახლე იყო: ფორსირებული ძრავა, გაძლიერებული სამუხრუჭო სისტემა, გამოკვეთილი „ფარფლები“ უკანა ნაწილში. ГАЗ-12В-ზე ასევე ავტომატური ტრანსმისია იყო დაყენებული, ხოლო მოძველებული გაყოფილი საქარე მინა მთლიანმა შეცვალა.

gaz13 005

ამ მანქანების 1957 წელს ჩატარებულმა საცდელმა გარბენმა უამრავი ტექნიკური პრობლემა გამოავლინა. ქარხანამ „ზიმის“ მოდერნიზაციის მცდელობა უპერსპექტივოდ ჩათვალა და მთელი ძალისხმევა მის პარალელურად წამოწყებულ, სრულიად ახალი ავტომობილის პროექტს მოახმარა.

ჯერ კიდევ 1955 წლის ბოლოს შესწავლის მიზნით ნაყიდი იყო ორი ამერიკული ავტომობილი: ოთხკარიანი სედანი Packard Patrician და ორკარიანი კაბრიოლეტი Packard Caribbean. ამ დროისთვის კომპანია „პაკარდი“ ღრმა კრიზისში იმყოფებოდა, 1954 წელს გაკოტრებული Studebaker-ის მიერთებამ სიტუაცია მხოლოდ გაართულა. ამავე დროს საბჭოთა ხელმძღვანელობაში ეს მარკა ტრადიციულად პოპულარული იყო: „პაკარდებით“ გადაადგილდებოდნენ იოსებ სტალინი და მთავრობის სხვა წევრები, მათ კონსტრუქციაზე დაყრდნობით იქმნებოდა სამთავრობო ЗИС-101 და ЗИС-110.

1956 წლის დასაწყისში შეიქმნა ახალი ავტომობილის პირველი ესკიზები, სადაც ის დაგრძელებულ „ვოლგას“ უფრო წააგავდა - ფარებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ „ჩაიკისთვის“ დამახასიათებელი წინაფრები.

gaz13 006

მომავალი „ჩაიკის“ საბოლოო სახე „ზიმის“ და „ვოლგის“ ავტორმა, მხატვარ-კონსტრუქტორმა ლ. ერემეევმა შექმნა (სიტყვა „დიზაინერი“ ჯერ კიდევ საზღვარგარეთაც არ იხმარებოდა). მასვე ეკუთვნის ასევე ლიმუზინის, ЗИЛ-111 ადრეული ვერსიის პროექტიც, რითიც ბევრწილად აიხსნება ამ ორი მანქანის გარეგნული მსგავსება.ახალ მანქანას ინდექსი ГАЗ-13 მიენიჭა, 1956 წლის სექტემბრისთვის შეიქმნა პირველი სრულმასშტაბიანი მაკეტი. შემდეგი წლისთვის მზად იყო ორი მოქმედი ექსპერიმენტალური ეგზემპლიარი, ერთ-ერთი მათგანის მიხედვით კი ათამდე ავტომობილი ააწყეს საცდელი გარბენისთვის. ყველა ეს მანქანა ორფერიანი სქემით იყო შეღებილი. გარბენის საერთო სიგრძე 21 ათას კილომეტრს შეადგენდა.

gaz13 007

ГАЗ-13 -ის კონსტრუქცია ძირეულად განსხვავდებოდა გორკის ქარხნის წინამორბედი ავტომობილისგან - ყველა მათგანი, „ვოლგის“ ჩათვლით ომამდელი „ოპელ-კაპიტანის“ ბაზაზე იყო შექმნილი. მზიდი ძარა სიმძიმის ცენტრს ამაღლებდა და მოხვევისას მანქანის მდგრადობას აუარესებდა. ამჯერად კონსტრუქტორები გაცილებით მძიმე ავტომობილს ქმნიდნენ მძლავრი ძრავის გამოყენებით, ამიტომაც არჩევანი X-მაგვარ შემსუბუქებულ მზიდ ჩარჩოზე შეაჩერეს, რომელშიც კარდანის ლილვი იყო განთავსებული. ძარასთან ის 16 წერტილში იყო მიერთებული ვიბროსაიზოლაციო შუასადებების გამოყენებით. ასეთმა გადაწყვეტამ საგრძნობლად დაადაბლა მანქანის სიმძიმის ცენტრი. წინა დაკიდებაში ჰიდრავლიკური ამორტიზატორები, ასევე განივი მდგრადობის სტაბილიზატორი იყო გამოყენებული. რხევების ჩასახშობად უკანა დაკიდებაზე ორი ტელესკოპური ამორტიზატორი იყო დაყენებული. დისკური ტიპის ბორბლებზე დიდი დიამეტრის დეკორატიული ქრომირებული ხუფები მაგრდებოდა.

ძრავა ამერიკული პროტოტიპის - Chrysler V8 -ს მიხედვით იყო დამზადებული, თუმცა მის პირდაპირი ასლი არ ყოფილა - ძრავის დეტალების უმეტესობა „ვოლგასთან“ იყო უნიფიცირებული, მათი ნაწილი ალუმინისგან იყო დამზადებული, რაც მაშინ ამერიკული მრეწველობისთვისაც სიახლე იყო. ცილინდრის დიამეტრი 100 მილიმეტრამდე, ხოლო ძრავის მოცულობა 5529 კუბ. მმ-მდე იყო შემცირებული. საწვავი ნარევის მიწოდებას ოთხკამერიანი კარბიურატორი უზრუნველყოფდა. ძრავა წუთში 4400 ბრუნისას 195 ცხ. ძ. სიმძლავრეს ავითარებდა, რაც ორტონიან ავტომობილს 20 წამში 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფის საშუალებას აძლევდა. შემდგომში ამ ძრავის დეფორსირებული ვერსიები სატვირთო მანქანებსა და ჯავშანტრანსპორტიორებში იხმარებოდა.

 gaz13 013

გადაცემათა კოლოფი ავტომატური, ჰიდროტრანსფორმატორული ტიპისა იყო. რეჟიმების გადართვა საჭის მარცხნივ განლაგებული ოთხი ღილაკით (ნეიტრალი, სვლა, მძიმე რეჟიმი და უკანა სვლა) ხორციელდებოდა. 40 კმ/სთ-ზე მაღალი სიჩქარის მიღწევისას ავტომატურად ირთვებოდა მეორე გადაცემა, 36 კმ/სთ-ზე დაბალზე კი პირველი. უკანა სვლაზე გადართვა მხოლოდ მანქანის სრული გაჩერების შემდეგ იყო შესაძლებელი. მუხრუჭის ფართო პედალზე დაჭერა როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ფეხით იყო შესაძლებელი. პირველად ქარხნის პრაქტიკაში გამოყენებული იყო მუხრუჭის ვაკუუმური და საჭის ჰიდრავლიკური გამაძლიერებლები.

gaz13 015

გარეგნულად „ჩაიკა“ რომელიმე კონკრეტული ავტომობილის ასლი არ ყოფილა, როგორც ამას ბევრი წყარო გვამცნობს. Packard-თან ერთად აქ შეიძლება სხვა ამერიკული მარკების (Lincoln, Mercury, Plymouth) ცალკეული ნაკვთები შევნიშნოთ. უკანა ნაწილის გაფორმება კონცერნ General Motors -ის იმდროინდელი მოდელებს შეიძლება მივამსგავსოთ. ამავე სტილისტიკაში იყო გადაწყვეტილი წინა ბამპერიც მასიური ცილინდრული „ეშვებით“. ამ დეკორატიულმა ელემენტმა ხალხში ლეგენდა დაბადა, თითქოსდა იქ რაღაც საიდუმლო იარაღი იყო ჩამალული ბოროტმოქმედთა თავდასხმისგან დასაცავად.

 gaz13 015a

მაღალჩინოსანი მგზავრების კომფორტის უზრუნველსაყოფად ტექნიკის ყველა ხელმისაწვდომი მიღწევა იყო გამოყენებული: ფანჯრების ელექტროამწევები, რადიომიმღები სადგურების ავტომატური ძებნით, ელექტროძრავით მართვადი რადიოანტენა, დიდი ზომის საათი, სიგარეტის მოსაკიდებელი და საფერფლე ტორპედოზე, კიდევ ორი საფერფლე უკანა დივანის სახელურებში, ამასთან ერთად მარცხენა საფერფლეში კიდევ ერთი სიგარეტის მოსაკიდებელი იყო ჩამონტაჟებული. მინების დამუქება იმხანად ჯერ კიდევ არ იყო გავრცელებული, ამიტომაც უკანა ფანჯრებზე მუქი ფარდები იყო დაჭიმული.

 gaz13 014

ჰაერის კონდიცირების სისტემა „ჩაიკაზე“ გათვალისწინებული არ იყო. კონდიციონერი იმ წლებში ამერიკული მანქანებისთვისაც ძვირადღირებულ ოფციად რჩებოდა, საბჭოთა კავშირში კი საერთოდ მავნე ფუფუნებად ითვლებოდა - პირველი კონდიციონერების წარმოება სამხედრო დანიშნულების ობიექტებისთვის მხოლოდ 1963 წელს დაიწყეს. ამავე დროს ქვეყნის პირველი პირებისთვის განკუთვნილ „ზილში“ კონდიციონერის დაყენება მაინც მოახერხეს - ხრუშჩოვის პირადი განკარგულებით 1959 წელს მცირე პარტიით გამოშვებული ЗИЛ-111А კონდიციონირების სისტემით იყო აღჭურვილი, რისთვისაც ძარის გადაკეთება გახდა საჭირო.

არსებობს რამდენიმე ლეგენდა მანქანის სახელის წარმომავლობის შესახებ. ერთ-ერთი ვერსიით, „ჩაიკა“ ჯერ კიდევ ЗИМ-12В პროექტს ერქვა და შემდეგ ეს სახელი ახალ მანქანაზე იყო გადმოტანილი. ამ ვერსიის რამე უტყუარი დადასტურება არ მოიძებნება, თუმცა საცდელი „ზიმის“ რადიატორის გისოსზე „ჩაიკის“ მსგავსი ემბლემა მართლაც იყო მიკრული.

მეორე ვერსიით, სახელი პროექტის ავტორმა, ლ. ერემეევმა მოიგონა - როდესაც მან Packard-ის რადიატორზე მიკრული „ჩიტი“ დაინახა, ის „ჩაიკაზე“ თითქმის უცვლელად გადმოიტანა (ორიგინალში ეს „ჩიტი“ V-ს მაგვარი ძრავის სიმბოლო იყო).

gaz13 011

 

არსებობს კიდევ ერთი ლეგენდა: ქარხანამ იმ პერიოდში „ვოლგის“ პროექტზე დაასრულა მუშაობა, ერთ-ერთ ინჟინერს ასეთი აზრი დაებადა - ახალი მანქანა „ვოლგაზე“ მაღალი კლასისა უნდა ყოფილიყო, მდინარე ვოლგის თავზე კი თოლია დაჰქრის, აქედან საბჭოთა ავტოიერარქიის შესაბამისი სახელი - „ჩაიკა“.

1958 წელს „ჩაიკის“ თეთრად და ფირუზისფრად შეღებილი საცდელი ეგზემპლიარი გორკის ქარხნის სხვა მანქანებთან ერთად ბრიუსელის მსოფლიო გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. ექსპოზიციამ გამოფენის გრან-პრი დაიმსახურა.

gaz13 008

ჩაიკის პირველი პარტია 1958 წლის შემოდგომაზე ააწყეს, საცდელისგან ეს ეგზემპლიარები უკანა ოპტიკის დიზაინით და კიდევ რამდენიმე უმნიშვნელო დეტალით განსხვავდებოდნენ. ოფიციალურად „ჩაიკის“ სერიულად გამოშვება მხოლოდ 1959 წლის იანვრიდან დაიწყო (თუ რასაკვირველია, წელიწადში 150-მდე ავტომობილის წარმოება სერიულად შეიძლება ჩავთვალოთ). „ჩაიკებს“ კონვეიერის გარეშე, ხარიხებზე აწყობდნენ, ყოველ ეტაპზე ხარისხის კონტროლი ხორციელდებოდა.

gaz13 009a

„ჩაიკა“ იმთავითვე იქცა საბჭოთა ავტომრეწველობის სავიზიტო ბარათად - იმავე წელს ის ბუდაპეშტის, ჟენევის, ლაიფციგის, მეხიკოს გამოფენებზე გაიგზავნა. ივნისის ბოლოს „ჩაიკა“ ასევე ნიუ-იორკში გახსნილ საბჭოთა გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. ეს მოსკოვში გამართული ამერიკული გამოფენის საპასუხოდ გამართული ღონისძიება იყო. რასაკვირველია, ექსპოზიციის სტუმრებს ვერც კი წარმოედგინათ, რომ სინამდვილეში ამ მანქანის სულ რამდენიმე ათეული ეგზემპლიარი იყო დამზადებული.

gaz13 012

„ჩაიკის“ წინამორბედი „ზიმი“ წარმოების მთელი პერიოდის განმავლობაში თავისუფალ გაყიდვაში იყო, თუმცა არარეალურად მაღალი ფასი ჰქონდა. სამთავრობო ლიმუზინი „ზის-110“ კერძო პირებზე არ იყიდებოდა, მაგრამ სანიტარული მანქანებისა და ტაქსების სახით „თეორიულად“ მაინც იყო ხელმისაწვდომი რიგითი ადამიანისთვის. მათგან განსხვავებით, „ჩაიკით“ გასეირნებაზე უბრალო მომაკვდავი ვერც კი იოცნებებდა.

gaz13 010

„ჩაიკა“ არასოდეს ითვლებოდა სახალხო მოხმარების საგნად და არც მისი საცალო ფასი ყოფილა გაცხადებული, თუმცა ზოგიერთი წყაროს მონაცემებით, მანქანის საბალანსო ღირებულება 17400 მანეთს შეადგენდა (1961 წლის რეფორმის შემდეგ). ფართო გაყიდვაში „ჩაიკა“ არასოდეს ყოფილა, რასაც ქვეყნის ლიდერი, ნიკიტა ხრუშჩოვის მთავრობა „სოციალურ უთანასწორობასთან ბრძოლით“ ხსნიდა, სინამდვილეში კი ეს პარტიულ ელიტასა და მოსახლეობას შორის უფსკრულის გაღრმავების ერთ-ერთი ნიშანი იყო.

მაღალჩინოსანი მოხელეებისთვის პერსონალური ავტომობილი პრივილეგიათა ფართო სპექტრის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. მანქანები პარტიული იერარქიის მიხედვით ნაწილდებოდა: ოლქის ცკ-ს მდივნებს და მინისტრებს „ჩაიკა“ ან მოძველებული „ზის-110“ ერგებოდათ, ცკ-ს მდივნები და მინისტრის მოადგილეები უფრო დაბალი კლასის „ზიმით“ სარგებლობდნენ, რაიკომის მდივნის რანგის მოხელეები „ვოლგით“ ან ძველი „პობედით“ კმაყოფილდებოდნენ. ლიმუზინი „ზილ-111“ მხოლოდ ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობისთვის და რესპუბლიკების პირველი პირებისთვის იყო განკუთვნილი.

gaz13 003

60-ანი წლების დასაწყისში ნიკიტა ხრუშჩოვმა პრივილეგიებთან ბრძოლის მორიგი ეტაპი წამოიწყო: ბევრი მაღალჩინოსანი „ჩაიკიდან“ უფრო ეკონომიურ „ვოლგაზე“ გადმოსვეს, ზოგი კი საერთოდ პერსონალური მანქანის გარეშე დატოვეს. საქმე იქამდე მივიდა, რომ 1964 წელს ხრუშჩოვმა „ჩაიკის“ წარმოების შეწყვეტის შესახებ გასცა ბრძანება. მანქანა მის ნაცვლად ხელისუფლებაში მოსულმა ლეონიდ ბრეჟნევმა გადაარჩინა - მისი თაოსნობით „ჩაიკის“ წარმოება იგივე მოცულობით განახლდა, ამასთან ერთად დაიწყო მუშაობა მანქანის ახალ მოდელზე. ხელისუფლების დაკარგვისთანავე ხრუშჩოვმა თავისი ინიციატივების შედეგი სრულად იწვნია საკუთარ თავზე: „ზილიდან“ ის თავდაპირველად „ჩაიკაზე“ გადმოსვეს, შემდეგ კი მხოლოდ „ვოლგა“ დაუტოვეს.

სხვადასხვა საიტზე ხშირად შეხვდებით ინფორმაციას გამოჩენილი მოღვაწეებისთვის „ჩაიკის“ ჩუქების შესახებ. მფლობელთა შორის სახელდებიან მწერალი მ. შოლოხოვი, ბალერინა გ. ულანოვა, კოსმონავტი ქალი ვ. ტერეშკოვა. სინამდვილეში ეს მანქანები „დაჯილდოებულებს“ საკუთრებაში არ გადაეცემოდათ, „ჩაიკები“ თავისი მძღოლით მათ პერსონალურად ემსახურებოდნენ.

gaz13 004

უნდა ითქვას, რომ ამგვარი საჩუქარი მფლობელს ბევრ სიხარულს მაინც არ მოუტანდა: „ჩაიკა“ მაღალი ოქტანობის ბენზინს - АИ-93-ს მოიხმარდა, რომელიც იმხანად მეტად დეფიციტური იყო, ავტომატური გადაცემათა კოლოფი კიდევ უფრო დეფიციტურ ზეთს ითხოვდა, ავტომობილის კვალიფიცირებული მომსახურება კი მხოლოდ სპეციალური დანიშნულების ავტოფარეხების პირობებში იყო შესაძლებელი. პირველი კერძო „ჩაიკები“ სახელმწიფო ავტოინსპექციაში მხოლოდ 80-ან წლებში, ე. წ. „პერესტროიკის“ დროს დაარეგისტრირეს.

chaika01

„ჩაიკა“ ასევე მაღალი რანგის უცხოელ სტუმრებს, დელეგაციებს, კინოსა და მუსიკის ვარსკვლავებს ემსახურებოდა, ეს მანქანა კოსმონავტების საზეიმო დახვედრის აუცილებელი მონაწილე იყო. „ჩაიკების“ ნაწილი უცხოეთის ქვეყნების საელჩოებსაც გადაეცა, მათ შორის აშშ-ს საელჩოს.
შემონახულია იტალიელი კინოვარსკვლავის, სოფი ლორენის მოსკოვში სტუმრობის ფოტოები, მას ლეგენდარული ქართველი მსახიობი სერგო ზაქარიაძე უწევდა მასპინძლობას. მთელი მოგზაურობის განმავლობაში კინოვარსკვლავს პერსონალური „ჩაიკა“ ემსახურებოდა.

gaz13 016

ბევრი წყარო „ჩაიკას“ როგორც ლიმუზინს მოიხსენიებს, სინამდვილეში მისი სტანდარტული ძარის ტიპი სედანი იყო, მას არ ჰქონდა სალონში ლიმუზინისთვის დამახასიათებელი გამყოფი ტიხარი. ლიმუზინი (ГАЗ-13А) ქარხანას სერიულად არ უწარმოებია, მცირე რაოდენობით მას სხვადასხვა უწყებათა ინდივიდუალური დაკვეთით ამზადებდნენ.

gaz13 023

სტანდარტული მოდიფიკაცია 5 ადამიანზე იყო გათვლილი, დამატებით დაცვისთვის ორი ასაკეცი სკამი - სტრაპონტენები იყო გათვალისწინებული. იმის გათვალისწინებით, რომ წინა დივანი სამ ადამიანს იტევდა, „ჩაიკას“ 8 ადამიანის გადაყვანა შეეძლო.

1961 წელს ქარხანამ წარმოადგინა „ჩაიკის“ ღია ვერსია კაბრიოლეტის ტიპის ძარით (ზოგიერთი წყარო მას როგორც ფაეტონს მოიხსენიებს) - ГАЗ-13Б. მისი რბილი სახურავი ელექტრო-ჰიდრავლიკური სისტემის მეშვეობით იკეცებოდა, მართვა მძღოლის ადგილიდან ხორციელდებოდა. ასაკეცმა სახურავმა დამატებითი სივრცის გამოყოფა მოითხოვა, რის გამოც უკანა დივანი დაავიწროვეს და ის მხოლოდ 2 ადამიანს იტევდა. სულ 20-მდე ამგვარი მანქანა იყო დამზადებული, ძირითადად მათ სამხედრო აღლუმებისთვის იყენებდნენ, რამდენიმე კაბრიოლეტი კი შავი ზღვის კურორტების საპატიო სტუმრებს დააქროლებდა.

gaz13 017

1962 წლიდან „ჩაიკას“ უმნიშვნელო მოდერნიზაცია ჩაუტარდა - მანქანაზე დააყენეს ახალი კარბიურატორი К-114, ახალი ბორბლები ხუფების გამარტივებული კონსტრუქციით. ახალი რადიომიმღები რიგის რადიოქარხნის მიერ იყო დამზადებული, მას სხვა საბჭოთა აპარატურისთვის მიუწვდომელ 19 და 16 მეტრიან დიაპაზონში შეეძლო სადგურების დაჭერა. რადიომიმღები ავტომატური ძებნის სისტემით იყო აღჭურვილი, რომელიც საათის მექანიზმის ბაზაზე მოქმედებდა და უკანა დასაჯდომიდან დისტანციურად იმართებოდა. უკანა დივანთან ასევე დამატებითი დინამიკი იყო ჩამონტაჟებული.

gaz13 009b

ამ მოდერნიზაციამდე „ჩაიკის“ სალონის ფერთა გამა საბოლოოდ დადგენილი არ იყო: საცდელი პარტიის ორფერიანი „ჩაიკების“ დივანებზე წითელი ფერის „ჭადრაკული“ ქსოვილი იყო გადაკრული, სალონის ასეთივე გაფორმება ჰქონდა ნიუ-იორკში 1959 წელს წარმოდგენილ შავი ფერის „ჩაიკასაც“. 1962 წლიდან გამოშვებული მანქანების სავარძლები მონოტონურ, რუხ ფერებში იყო გადაწყვეტილი - ამგვარი ფერთა გამა კარგად ეხამებოდა მაღალჩინოსან მგზავრთა უღიმღამო პიჯაკებსა და შინელებს.

gaz13 019

წარმოების დაწყების მომენტისთვის ჩაიკის დიზაინი მეტ-ნაკლებად შეესაბამებოდა ამერიკული ავტოსამყაროს ტენდენციებს, მაგრამ უკვე 60-ანი წლების დასაწყისში ამერიკელმა ავტომწარმოებლებმა კვლავ განაახლეს თავიანთი ავტომობილების სტილისტიკა, „ჩაიკის“ აერო-კოსმოსური დიზაინი უკვე უიმედოდ მოძველებულად გამოიყურებოდა. უკვე 1961 წლის ოქტომბერში ქარხანამ წარმოადგინა მოდერნიზებული „ჩაიკის“ საცდელი ეგზემპლიარი. ცვლილებები ძირითადად წინა პანელის დიზაინს შეეხო: განათების ოთხფარიანი სისტემა, ახალი რადიატორის გისოსი და ბამპერი. ტრანსმისიის გადაცემათა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა. განახლებულმა „ჩაიკამ“ საერთო მოწონება დაიმსახურა, თუმცა სერიულ წარმოებამდე საქმე აღარ მივიდა.

gaz13 018

ერთ-ერთი ვერსიით, ამავე დროს მოსკოვის ავტოქარხანა ЗИЛ-111 -ის მოდერნიზაციაზე მუშაობდა, რომელსაც მსგავსი ოთხფარიანი განათება უნდა ჰქონოდა. მთავრობაში ისედაც ბევრს აღიზიანებდა, რომ „ზილსა“ და „ჩაიკას“ ხშირად პროფესიონალებიც კი ვერ ანსხვავებდნენ ერთმანეთისგან, თანაც „ზილს“ ყველა როგორც „ჩაიკას“ აღიქვამდა. ამ ორი ქარხნის პერსპექტიული მოდელების დამსგავსება დაუშვებლად ჩათვალეს, ამდენად, პირველი საბჭოთა ოთხფარიანი მანქანა „ჩაიკის“ ნაცვლად ЗИЛ-111Г გახდა.

„ჩაიკას“ 70-ანი წლების ბოლომდე პრაქტიკულად ცვლილების გარეშე უშვებდნენ, თუ არ ჩავთვლით მარცხენა კარზე სარკის დაყენებას და მილაკიანი რადიომიმღების ტრანზისტორულით შეცვლას. უკვე ახალი მოდელის, ГАЗ-14-ის ათვისების შემდეგ ძველი მოდელის, ГАЗ-13-ის გამოშვება არ შეწყვეტილა, უფრო მეტიც - ჩატარდა მისი სალონის მოდერნიზაცია. ტორპედოზე გადაკრული ბადისებრი მასალა ხის იმიტაციით შეიცვალა, დივანებს მდოგვისფერი ან მომწვანო ველიური გადააკრეს.

gaz13 020

1973 – 1982 წლებში რიგის ავტობუსების ფაბრიკა (RAF) „ჩაიკის“ ბაზაზე აწყობდა სანიტარულ ავტომობილს ГАЗ-13С, უნივერსალის ტიპის ძარით, რომელსაც ხალხში „შავ ექიმს“ ეძახდნენ. სულ 20-მდე ასეთი ავტომობილი იყო გამოშვებული. ეს მანქანები უმაღლეს პარტიულ ნომენკლატურას ემსახურებოდნენ, მათ არ გააჩნდათ სანიტარული მანქანების განმასხვავებელი ნიშნები. სალონი მძღოლისგან ტიხრით იყო გამოყოფილი, საკაცის გვერდით ორი დასაჯდომი იყო პერსონალისთვის. ქარხანას უკვე გამზადებული სედანების გადაკეთება უწევდა, კონსტრუქციაში ბევრი ცვლილება იყო შესატანი, ამიტომაც „ჩაიკის“ ემბლემის გვერდით RAF-ის ლოგოტიპიც იყო დასმული.

gaz13 021

70-ან წლებში, მთავრობის ხანდაზმული წევრების ჯანმრთელობის გაუარესების გამო, სანიტარული „ჩაიკები“ სამთავრობო კორტეჟებს დაყვებოდნენ, შემდგომში ისინი „ზილების“ ბაზაზე დამზადებული უნივერსალებით შეცვალეს, „ჩაიკებით“ კი ექიმები კრემლის საავადმყოფოს პაციენტებთან გამოძახებით დადიოდნენ.

1979 წელს ჩინეთსა და ვიეტნამს შორის გაჩაღებული ომის პერიოდში RAF-ზე ორი სპეციალური მანქანა-კატაფალკი დაამზადეს, რომლებიც ფირმა Toshiba-ს კონდიციონერებით იყვნენ აღჭურვილები. როგორც ამბობენ, ეს მანქანები ვიეტნამელი ხალხის ბელადის, ხო ში მინის სხეულის მავზოლეუმიდან სასწრაფო ევაკუაციისთვის იყო განკუთვნილი.

„ჩაიკების“ ბაზაზე სხვადასხვა კუსტარულ მოდიფიკაციებს ამზადებდნენ. სპეციალურად მოსკოვის სახანძრო სამსახურის უფროსისთვის წითლად შეღებილი „ჩაიკა“ დაამზადეს, თუმცა ვერავის გაეგო, თუ რა იყო საჭირო „ჩაიკა“ ხანძრის ჩაქრობისას. ავი ენები იმასაც კი ამტკიცებენ, რომ თავისი გაბარიტების გამო წითელი „ჩაიკა“ ვიწრო ქუჩებში რამდენჯერმე გაიჭედა. ქსელში გავრცელებულ ფოტოებს თუ დავუჯერებთ, ასეთივე წითელი „ჩაიკა“ როსტოვის სახანძრო დაცვის უფროსსაც ემსახურებოდა.

gaz13 022

სოციალისტურ ქვეყნებში გადაკეთებულ „ჩაიკებს“ საესკორტო მანქანებად იყენებდნენ, რისთვისაც დამატებით სახელურებსა და ფეხის დასადგმელებს ამატებდნენ. ცნობილია ასევე „ჩაიკის“ ბაზაზე 4 ნახევარპიკაპის შექმნის შესახებ. ორი მათგანი ჩინეთს გადასცეს, ორი კი ლ. ბრეჟნევმა აღმოსავლეთი გერმანიის ლიდერს, ერიჰ ჰონეკერს აჩუქა.

ორი კაპიტალური რემონტის შემდეგ „ჩაიკები“ ჩამოწერას ექვემდებარებოდნენ. 70-ან წლებში ხელისუფლებამ დაუშვა ამ მანქანების „ინტურისტის“ სისტემის სასტუმროებისთვის და ქორწინების სახლებისთვის გადაცემა. საქორწილო ცერემონიისთვის „ჩაიკის“ დაქირავება 50 მანეთი ღირდა. იყო ბიუჯეტური ვარიანტიც - „ვოლგა“ 25 მანეთად, მაგრამ ახალდაქორწინებულთა უმეტესობა მაინც „ჩაიკის“ დაქირავებას ამჯობინებდა.

gaz13 024a

ბუდაპეშტში მდებარე უნგრეთის სარკინიგზო ტრანსპორტის მუზეუმში ინახება სარკინიგზო დრეზინად გადაკეთებული „ჩაიკა“. თავის დროზე ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, იენე ფოკის ოფიციალური ავტომობილი იყო, შემდგომში კი უნგრეთის სახელმწიფო რკინიგზას გადაეცა, სადაც მას დრეზინის სახით იყენებდნენ.

gaz13 024

შემონახულია ასევე „ზიმისა“ და „ჩაიკის“ რამდენიმე უცნაური ჰიბრიდის ფოტოები, რომელთაც „ვირხარებს“ (ослобык) ეძახდნენ. თითქმის ყველა წყარო ამ „მუტანტების“ გაჩენის ერთსა და იმავე ვერსიას ასახელებს - სამხედრო მაღალჩინოსნები, რომელთაც „ჩაიკით“ სიარული რანგით არ ეკუთვნოდათ, ნაცად ხრიკს მიმართავდნენ: თავდაცვის სამინისტროს ავტობაზებზე „ჩაიკის“ სავალ ნაწილზე „ზიმის“ ძარის ელემენტებს ამონტაჟებდნენ, რის მერეც მანქანას საბუთებში როგორც „ზიმს“ აფორმებდნენ.

gaz13 028

ამ ვერსიაში ბევრი შეუსაბამობა შეინიშნება - პირველ რიგში, რა რეალური სარგებელი უნდა ენახათ სამხედროებს ამგვარი გადაკეთებისგან? „საპრესტიჟო ავტომობილის“ ფაქტორი იმთავითვე შეიძლება გამოირიცხოს - „მუტანტები“ საყოველთაო დაცინვის საგნად იყვნენ ქცეულები. კომფორტის მხრივ ამ მანქანებს შორის დიდი სხვაობა არ იყო, ერთადერთ რეალური პლიუსად „ჩაიკის“ მაღალი სიჩქარე შეიძლება დასახელდეს, მაგრამ იმდროინდელ გზებზე 100 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით სიარული თვითმკვლელობის ტოლფასი იყო. ღირდა კი ამის გულისთვის ტექნიკურად გამართული ავტომანქანების დაჭრა, საბუთების გაყალბება და კარიერის საფრთხეში ჩაგდება?

„ჩაიკის“ შესახებ წიგნის ავტორი, ვ. ჩელაკი (В. Челак. «Полёт Чайки») „მუტანტების“ გაჩენის საკუთარ ვერსიას გვთავაზობს: მათ უბრალოდ ავარიაში მოხვედრილი ავტომანქანებისგან აკოწიწებდნენ. საყოველთაო დეფიციტის გამო „მშობლიური“ ავტონაწილების შოვნა ხშირად შეუძლებელი იყო, ამიტომაც რემონტისთვის სხვა მარკის ხელმისაწვდომ კვანძებს იყენებდნენ.

წიგნში ავტორს ГАЗ-13В-დ წოდებული „მითიური“ ორკარიანი ღია კუპეს ისტორია მოჰყავს, რომელსაც „ბრეჟნევის ბიჭის მანქანასაც“ ეძახდნენ. რამდენიმე წლის წინ ასეთი მანქანა ერთ-ერთმა ცნობილმა კოლექციონერმა როგორც ექსპერიმენტალური „ჩაიკა“ შეიძინა. მისდა გასაკვირად აღმოჩნდა, რომ ეს უცნაური ჰიბრიდი 30-ანი წლების „მერსედესის“ სავალ ნაწილზე იყო აწყობილი, რომელზეც „ჩაიკის“ ძარის ელემენტები იყო დამონტაჟებული.

gaz13 029

ერთ-ერთი ვერსიით, თავის დროზე „მერსედესი“ სამამულო ომის გმირს, მფრინავ ა. პოკრიშკინს აჩუქეს. წლების მერე მანქანის ძარა უვარგისი გახდა, სათადარიგო ნაწილების შოვნა კი შეუძლებელი იყო. პატრონის თხოვნით ერთ-ერთ სამხედრო ავტოსახელოსნოში გაზ-13-ის ძარის ელემენტებისა და მშობლიური ნაწილების გამოყენებით „ჩაიკის“ მსგავსი ორკარიანი კუპე ააწყეს

რამდენიმე ჩამოწერილი „ჩაიკა“ საოპერატორო მანქანად გადააკეთეს, რომლებსაც სხვადასხვა კინოსტუდიაში იყენებდნენ. სახურავი მძღოლის ადგილის უკან იჭრებოდა და სალონში საოპერატორო ტექნიკა მონტაჟდებოდა. მანქანის ამორტიზაციის მაღალი ეფექტურობა კამერის ბიძგების გარეშე გადაადგილებას უზრუნველყოფდა.

gaz13 025

წარმატებული აღმოჩნდა „ჩაიკის“ საკუთარი „კინოკარიერაც“ - ის ორასზე მეტ ფილმშია გადაღებული. საბჭოთა მითოლოგიაში სამთავრობო ავტომობილებს, ანტიკურ ღვთაებათა ეტლების მსგავსად, საკრალური ობიექტის როლი ენიჭებოდათ. „ჩაიკის“ ან „ზილის“ ეკრანზე ყოველი გამოჩენა როგორც შინაარსობრივად, ასევე იდეოლოგიურად უნდა ყოფილი გამართლებული. კადრში თუნდაც შემთხვევით მოხვედრილ „ჩაიკაში“ ცენზურას შეეძლო რეჟისორის ფარული გზავნილი ამოეკითხა.

ეკრანებზე 1965 წელს გამოსულ გია დანელიას სიურრეალისტურ კომედიაში „ოცდაცამეტი“ არის სცენა, სადაც მთავარი გმირს, პატარა ქალაქის რიგითი მაცხოვრებელს მოტოციკლისტების თანხლებით „ჩაიკით“ მიაქროლებენ. ამ სცენის გამო ფილმი მოულოდნელად მოიხსნა ცენტრალური კინოთეატრების ეკრანებიდან (როგორც ამბობენ, მთავარი იდეოლოგის, მ. სუსლოვის პირადი მითითებით). მას მერე ფილმის ნახვა მხოლოდ პატარა პროვინციულ კინოდარბაზებში იყო შესაძლებელი.

gaz13 026

1982 წელს გამოსულ ამერიკულ ფილმში ცეცხლოვანი მელა (Firefox), რომლის რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი კლინტ ისტვუდი იყო, სახელმწიფო უსაფრთხოების თანმშრომლები მთავარ გმირს „ჩაიკიდან“ ფარულად უთვალთვალებენ. ძნელი სათქმელია, რამდენად წარმატებით ჩაივლიდა ამგვარი ოპერაცია სინამდვილეში, „ჟიგულებითა“ და „ვოლგებით“ სავსე მოსკოვის ქუჩებში. როგორც ჩანს, ისტვუდისთვის უცნობი იყო, რომ ასეთი შემთხვევებისთვის სპეცსამსახურები „ჩაიკის“ ძრავის ბაზაზე აწყობილ „ვოლგებს“ იყენებდნენ.

gaz13 027

1977 წლიდან ახალი მოდელის, ГАЗ-14-ის ათვისების შემდეგ ძველი „ჩაიკის“ წარმოება მცირე რაოდენობით მაინც გაგრძელდა - მოთხოვნა ГАЗ-13-ზე სხვადასხვა უწყების მხრიდან ჯერ კიდევ დიდი იყო. „ავტოიერარქია“ აქაც ბოლომდე იყო დაცული: „ჩაიკის“ ახალ მოდელს უფრო მაღალი რანგის ხელმძღვანელობას აძლევდნენ, ძველი კი უფრო დაბალ საფეხურებზე მდგომ ამხანაგებს ერგებოდათ.

ГАЗ-13-ის წარმოება 1981 წლის აპრილში შეწყვიტეს, როგორც ამბობენ, ამის უშუალო მიზეზი ბელორუსიის ცკ-ს მდივნის, პ. მაშეროვის ავტოავარიაში დაღუპვა გახდა, თუმცა ამ ტრაგიკული შემთხვევის მიზეზი მისი „ჩაიკის“ გაუმართაობა არ ყოფილა. რამდენიმე წლის შემდეგ კი ქარხანაში შემორჩენილი ნაწილებისგან ბოლო ГАЗ-13 ააწყეს, რომელმაც იმთავითვე ქარხნის მუზეუმში დაიკავა ადგილი.

Chaika02

1959-1981 წლებში გამოშვებული „ჩაიკების“ ზუსტი რაოდენობა დაუდგენელია. ბევრ წყაროში მოყვანილია ციფრი 3179, თუმცა ამ ციფრის სიზუსტე, „ჩაიკის“ კაპიტალური რემონტის თავისებურებებიდან გამომდინარე, ეჭვს იწვევს. დაძველებულ „ჩაიკებს“ ქარხანაში აბრუნებდნენ, სადაც მათი შასის ბაზაზე პრაქტიკულად ახალ მანქანას აწყობდნენ, თუმცა დოკუმენტაციაში ეს რემონტის სახელით აღირიცხებოდა. დღეს კარგად შემონახული „ჩაიკები“ დიდი იშვიათობაა, ამა თუ იმ ეგზემპლიარის ფასი მისი ტექნიკური მდგომარეობიდან გამომდინარე 15-დან 60 ათას დოლარამდე მერყეობს.

 

 

© თბილისის ავტომუზეუმი. 2019

 

Pin It

Premium Downlaod Templatesby bigtheme.org

София Дървени дъски

София Иглолистен дървен материал

Online bookmaker Romenia bet365