Geo Flag2 EN Flag
Pin It

 

მიკრომანქანები

თბილისის ავტომუზეუმში დაცული „ინვალიდების მანქანა“ - С-3Д (ეს-3დე) დღესდღეობით უდიდესი რარიტეტია საბჭოთა პერიოდში წარმოებულ ავტომანქანათა შორის. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეს არც არის ავტომანქანა, თუმცა მოტოციკლსაც ვერ უწოდებ. ოფიციალური დოკუმენტაციაში ის მოტოეტლად (мотоколяска) იყო მოხსენიებული, თუმცა ამ ტერმინის ოფიციალური განმარტება არსად გვხვდება. მცირელიტრაჟიანი ავტომანქანებისგან განსხვავებით, მათში მოტოციკლის ძრავი და სხვა აგრეგატები იხმარებოდა. ყოველ შემთხვევაში, საგზაო მოძრაობის წესებში ასეთ “მოტოეტლებს” მოტოტექნიკის კატეგორიას აკუთვნებდნენ.

ტერმინი „მოტოეტლი“ სხვა არც ერთ ქვეყანაში არ იხმარებოდა. მეორე მსოფლიო ომამდე ევროპის ქვეყნებში ავტომანქანისა და მოტოციკლის ნაჯვარს cyclecar-ს ეძახდნენ. 1945 წლის შემდეგ გამოშვებულ მოდელებს ძირითადად კი მიკრომაქანებს (Microcar) უწოდებენ, თუმცა ამ ტერმინის განსაზღვრებაც სხვადასხვა ქვეყნებისთვის ერთიანი არ იყო. ძრავის სახეობას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ ჰქონდა - ამ კატეგორიას მცირე ელექტრომობილებსაც აკუთვნებენ.
ზოგჯერ მიკრომანქანებს Bubble car (ბუშტისმაგვარს) უწოდებდნენ ხოლმე, თუმცა ეს ტერმინი ოფიციალურად მიღებული არ იყო. გერმანიაში კი „მოტოეტლებს “Kabinenroller“ -ებს ეძახიან, ანუ კაბინის მქონე მოტოროლერებს (ძირითადად სამბორბლიანებს).

ევროპის ქვეყნებში მიკრომანქანების გავრცელების პიკი ორივე მსოფლიო ომის შემდგომ წლებზე მოდის. ჯერ კიდევ 1904 წელს გერმანულმა ფირმა Cyklon Maschinenfabrik-მა წარმოადგინა სამბორბლიანი მანქანა Cyclonette, რომლის სხვადასხვა მოდიფიკაციებს 1923 წლამდე უშვებდა.

CYCLON CYCLONETTE 1904

1925 წელს, როდესაც მსოფლიო ომის შედეგად გაღატაკებული გერმანიის მოსახლეობაში ნელ-ნელა გაჩნდა მოთხოვნა უმარტივეს იაფფასიან მანქანებზე, ფირმა Hannoversche Maschinenbau-მ აითვისა Hanomag 2/10 PS კაბრიოლეტის წარმოება. აღსანიშნავია, რომ ეს ფირმა მანამდე ლოკომოტივებსა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოშვებით იყო დაკავებული. მანქანას იმთავითვე მეტსახელად Kommissbrot შეერქვა, რაც შეიძლება ითარგმნოს, როგორც ჯარისკაცებისთვის განკუთვნილი პურის შემცვლელი.

ეს „ცალთვალა“ მიკროავტომობილი 0,5 ლიტრიანი ერთცილინდრიანი ძრავით იყო არჭურვილი, რომელიც 10 ცხ. ძ. სიმძლავრეს ანვითარებდა. ბრუნვა ძრავიდან ბორბლებზე ჯაჭვის საშუალებით გადეცემოდა. დიფერენციალის მანქანას არ ჰქონდა - ამის საშუალებას კორპუსის სივიწროვე იძლეოდა. კონსტრუქციის კიდევ უფრო გასამარტივებლად და გასაიაფებლად უარი თქვეს აკუმულატორზეც - მანქანა სალონიდან კიკ-სტარტერის საშუალებით იქოქებოდა.

hanomag 2 10 ps 2

მანქანა ძლივს იტევდა ორ ადამიანს, მას კიდევ უამრავი სხვა ნაკლი გააჩნდა, მაგრამ თავისი სიაფისა და სიმარტივის წყალობით ის მაინც საკმაოდ პოპუალრული იყო. 1925 – 1928 წლებში 15775 ცალი Hanomag 2/10 PS იყო გამოშვებული, თავის სხვადასხვა მოდიფიკაციებთან ერთად.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის თვითმფრინავების წარმოება აეკრძალათ. საწარმოებს დახურვა ემუქრებოდათ. 1948 წელს ავიაინჟინერმა ფრიც ფენდმა თავის მცირე საწარმოში აითვისა უნარშეზღუდულთათვის განკუთვნილი კაბინენროლერის - Fend Flitzer 101 - ის წარმოება. მოდელი 1951 წლის ჩათვლით გამოდიოდა.

fend flitzer 101

ამ პერიოდში ნაცისტებთან თანამშრომლობისთვის გასამართლებულ ცნობილ ავიაკონსტრუქორს, ვილი მესერშმიტს პატიმრობა მოეხსნა და 1952 წელს ფენდმა შესთავაზა მას ახალი კაბინენროლერის წარმოება მესერშმიტის ქარხნის ბაზაზე. თავდაპირველად ეს იყო KR175, რომელიც 1955წელს უფრო სრულყოფილმა მოდელმა, KR200-მა შეცვალა.
გარეგნულად ის პატარა თვითმფრინავს უფრო წააგავდა, ვიდრე რომელიმე ავტოსატრანსპორტო საშუალებას - საწარმოს სპეციფიკამ თავისი როლი ითამაშა. სამაგიეროდ კარგი აეროდინამიკისა და მსუბუქი წონის ხარჯზე სულ რაღაც 9,9 ცხ. ძ. მოტორის მქონე კაბინროლერი 90 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებდა.

messersmidt175

არ შეიძლება არ მოვიხსენიოთ იტალიაში შექმნილი მიკროლიტრაჟიანი მანქანა ISO Isetta, რომლის წარმოება 1953 წელს წამოიწყეს. 1955 წელს ლიცენზია Isetta-ს წარმოებაზე გერმანულ კონცერნ BMW-ს მიყიდეს, რომელიც ამ დროს ასევე დახურვის პირას იმყოფებოდა. 1964 გამოუშვეს 300 000 ასეთი მანქანა, რამაც შეიძლება ითქვას, BMW ფინანსურ კრახს გადაარჩინა.

bmw isetta

Isetta მეტად უჩვეულო კონსტრუქციით გამოირჩეოდა: ჩასხდომა ერთადერთი წინა კარიდან ხდებოდა, ამავე დროს კარს გაღებისას საჭეც თან მიყვებოდა. თავისი უჩვეულო შესახედაობის გამო მანქანას იმთავითვე რამდენიმე, ზოგჯერ საწყენი მეტსახელი „მიეწება“. გერმანიაში მას „Das rollende Ei“ – „გაგორებულ კვერცხს“ ეძახდნენ, ასევე „Sargwagen“ – „კუბო-მანქანას“, შემხვედრი ტრანსპორტის წინაშე სრული დაუცველობის გამო, იგივე მიზეზით - „Halleluja-Auto“, „Adventsauto“. საფრანგეთში მანქანას „Yogurt pot“ – „იოგურტის ქილა“ უწოდეს, ხოლო ბრაზილიაში (რა გასაკვირია) – ფეხბურთის ბურთს („Bola de futebol de fenemê“), თუმცა ყველაზე საინტერესო სახელი ჩილიში მოუფიქრეს: „Huevito“ – „პატარა კვერცხი“. ამ დამამცირებელი მეტსახელების მიუხედავად, Isetta საკმაოდ სანდო და ქალაქის პირობებში მეტად მოხერხებული მიკროავტომობილი გამოდგა.

და ბოლოს, გინესის რეკორდების წიგნში შეტანილი მსოფლიოში ყველაზე პატარა მიკროავტომობილი - Peel P50 -ის შესახებ, რომელსაც ბრიტანული ფირმა, Peel Engineering Company აწარმოებდა 1962-1965 წლებში.

სარეკლამო ბუკლეტებში მას მოიხსენებდნენ როგორც „მანქანას ერთი ადამიანისა და მისი ხელჩანთისთვის“. უკიდურესად გამარტივებული მიკრომანქანა სამბორბლიანი იყო, მხოლოდ ერთი კარი გააჩნდა - მძღოლისგან ხელმარცხნივ, და არ შეეძლო უკანსვლით სიარული. მანაქანა სულ რაღაც 59 კილოგრამს იწონიდა, სპეციალური სახელურის მეშვეობით თავისუფლად შეიძლებოდა მისი სახლში შეგორებაც!

Trident and P50

Peel P50 აღჭურვილი იყო 49 კუბ/სმ მოტოციკლის ძრავით, და 45 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებდა. გამოშვებული მანქანებიდან რამდენიმე 99 კუბ/სმ ძრავაზე იყო აწყობილი და უფრო დიდი - 7 დიუმიანი წამყვანი ბორბალი ჰქონდათ.
1963 წლისთვის Peel P50 ფასი სულ რაღაც 199 გირვანქა სტერლინგს შედგენდა. სულ 82 ცალი ასეთი მანქანა იყო გამოშვებული, და 2016 წლის მარტში ერთ-ერთი მათგანი „სოტბის“ აუქციონზე 176,000 დოლარად გაიყიდა.
2010 წლიდან Peel Engineering Company -მ შეზღუდული რაოდენობით განაახლა Peel P50 -ის და მისი მოდიფიკაციის - Peel Trident -ის წარმოება, თუმცა 200 გირვანქად მათ ვეღარ შეიძენთ - დღევანდელი ფასი 15 000 – 16 250 დოლარის ფარგლებშია. მიკრომანქანებს როგორც ბენზინის, ასევე ელექტროძრავებით უშვებენ.

 

© თბილისის ავტომუზეუმი. 2019

 

Pin It

Premium Downlaod Templatesby bigtheme.org

София Дървени дъски

София Иглолистен дървен материал

Online bookmaker Romenia bet365