Geo Flag2 EN Flag
Pin It

 "ჟიგული" ვაზ-2103, "ლადა-1500" ("Жигули" ВАЗ-2103; "Lada-1500")

 

 vaz2103 1

 

 მწარმოებელი ვოლგის ავტოქარხანა (ВАЗ)
 მოდელი

ვაზ-2103 ''ჟიგული'' (საექსპორტოდ - "ლადა-1500"); ВАЗ-2103 "Жигули"; "Lada-1500"

 გამოშვების წლები 1972 - 1984
 ძარა

4 კარი, სედანი (5 ადგილი)

 ტიპი

4 × 2, უკანა წამყვანღერძიანი

 ძრავა

ВАЗ-2103, 4 ცილ. 1456 კუბ.სმ, 72 ცხ.ძ.

ВАЗ-21011, 4 ცილ. 1294 კუბ.სმ, 69 ცხ.ძ.

ВАЗ-2101, 4 ცილ. 1198 კუბ.სმ, 64 ცხ.ძ. 

 გადაცემათა კოლოფი მექანიკური, 4 საფეხურიანი
 მაქს. სიჩქარე 150 კმ./სთ.
 ავზის მოცულობა 39 ლ.
 საწვავის ხარჯი 8,4 ლ/100 კმ. (შერეული ციკლი)
 გაბარიტები 4116x1611x1440 მმ.
 ტვირთამწეობა 400 კგ.
 წონა 965 კგ.

 

1966 წელს "ფიატთან" დადებული ხელშეკრულება ტოლიატის ავტოქარხანაში ბიუჯეტურ მოდელთან ერთად, ლუქს-მოდელის გამოშვებასაც ითვალისწინებდა. პირველი მოდელი Fiat 124 -ის ბაზაზე იყო შექმნილი, ლუქს-მოდელისთვის კი 1967 წელს გამოშვებული Fiat 125 მოიაზრებოდა. მაგრამ გაირკვა, რომ საბჭოთა მხარისთვის ეს მოდელი მიუღებელი იყო - Fiat 125 მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა 124 -გან კონსტრუქციულად: მისი თვლების ბაზა უფრო დიდი იყო (2505 მილიმეტრი 2420-ის ნაცვლად), უკანა საკიდი რესორული იყო, და არა ზამბარებზე. ამგვარი მანქანის წარმოებაში გაშვება ტექნოლოგიური ხაზის მნიშვნელოვან მოდერნიზაცის მოითხოვდა.

საბოლოოდ მხარეები კომპრომისულ ვარიანტზე შეჩერდნენ - იტალიელები ამავე პერიოდში 124 მოდელის გაუმჯობესებულ მოდიფიკაციაზე - 124-S (Special) მუშაობდნენ და პარალელურად "ჟიგულის" ახალი მოდელის შექმნას შეუდგნენ. ამასთან ერთად, ახალი "ჟიგული" უბრალოდ 124-S -ის ასლი არ იყო, ბევრი რამ 125 მოდელიდანაც იყო აღებული.

vaz2103 2

1973 წელს გამოშვებულ "ჟიგულის" ახალ მოდელს 2103 ინდექსი მიანიჭეს (საექსპორტო ვარიანტი - Lada-1500). წინამორბედისგან ის პირველ რიგში გაძლიერებული ძრავით (71,4 ცხ. ძ. 64-ის ნაცვლად) გამოირჩეოდა - 100 კმ/სთ სიჩქარეს ის 17 წამში აღწევდა.

გაუმჯობესდა ავტომობილის გარე დიზაინი: წინა ფრონტალურ ზედაპირს მეტი უკუდახრა შესძინეს (ორიგინალურულ 124S-ზე ეს არ გაკეთებულა). ამ თითქოსდა უმნიშვნელო ცვლილების წყალობით ძარა "აგურისებრად" აღარ გამოიყურებოდა, წინა და უკანა მხარე პროფილში ვიზუალურად ერთმანეთს აღარ ჰგავდა. მანქანის სილუეტმა სიმსუბუქე და დინამიურობა შეიძინა, გაჩერებული ავტომობილიც კი მოძრაობის ილუზიას ქმნიდა.

გვერდებზე მანქანას ქრომირებული ლითონის მოლდინგები გასდევდა მთელ სიგრძეზე - ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში მათ "ნიკელები" შეერქვათ. ეს "ნიკელები" პირველი "ნოლ-სამების" მფლობელებისთვის ნამდვილ თავის ტკივილად იქცა: მათ აძრობდა ყველა, ვისაც კი არ ეზარებოდა - ზოგი გადაყიდვის მიზნით, ზოგიც უსაქმურობის ნიადაგზე. იმხანად გავრცელებულ ლეგენდას თუ დავუჯერებთ, "ნიკელის" მოხსნა ორკაპიკიანი მონეტის მეშვეობითაც კი შეიძლებოდა.

კიდევ ერთი თვალშისაცემი ცვლილება ოთხფარიანი წინა განათება იყო. ამგვარ სქემას გააჩნია როგორც პლიუსები - კერძოდ, უფრო ძლიერი შორი სინათლე, ასევე ნაკლოვანებებიც - გაძლიერებული დატვირთვა გენერატორზე, ახლო განათების გაუარესება ფარის დიამეტრის შემცირების გამო. ოთხფარიანი სისტემა თავის უპირატესობებს განსაკუთრებით შეზღუდული ხილვადობის პირობებში ავლენს, ამიტომაც რალიში მონაწილე მანქანებზე ხშირად ოთხზე მეტ ფარასაც კი აყენებენ. რიგით ავტომფლობელს ოთხფარნიანი განათება ბევრს არაფერს აძლევს, ამდენად პრესტიჟულ მოდელებში მისი გამოყენება მეტწილად ავტომწარმოებელთა მარკეტინგული ხრიკი იყო - ოთხფარიანი მანქანა უფრო მაღალი კლასის შთაბეჭდილებას ქმნიდა. საბჭოთა მომხმარებლისთვის ასეთი მანქანები უჩვეულო იყო - 60-იან წლებში ოთხ ფარას მხოლოდ საექსპორტო "მოსკვიჩებზე" აყენებდნენ, შიდა ბაზარზე კი მათი უმნიშვნელო ნაწილი ხვდებოდა. ამდენად, ქუჩებში ოთხფარიანი "ჟიგულის" გამოჩენამ იმთავითვე ენით აუწერელი ფურორი გამოიწვია.

vaz2103 5

კარდინალურად განახლდა უკანა ოპტიკაც - მანქანაზე დაყენდა დიდი ზომის კომბინირებული განათების ხელსაწყოები, რომლებიც ყველა ფუნქციას ითავსებდნენ. ორფერიანი პლასტიკის დაშტამპვის ტექნოლოგია საბჭოთა კავშირში იმ დროს არ არსებობდა, ამოტომ პირველ ხანებში მანქანებზე იტალიური ფირმების, Stars და Altissimo -ს ფარნებს აყენებდნენ.

vaz2103 4

ცვლილებები შეეხო სალონსაც - მანძილი სავარძლის ზედაპირიდან ჭერამდე 86 სმ-ს შეადგენდა, რაც 1,5 სმ-ით მეტი იყო, ვიდრე 2101 მოდელზე. იატაკზე ხელოვნური ბეწვის ნოხი იყო დაფენილი, ძარის ყველა სალონის მხრიდან ხილული ნაწილი პლასტიკატით იყო დაფარული, უკანა დივანს კი ასაკეცი ხელის დასაყრდნობი დაემატა.

მანქანას ახალი რადიომიმღები - А-271 მოყვებოდა, რომელსაც ულტრამოკლე ტალღების მიღებაც შეეძლო. რადიომიმღებისთვის განკუთვნილი ბუდე DIN სტანდარტს შეესაბამებოდა, ამდენად შესაძლებელი იყო უფრო მაღალი კლასის ავტომაგნიტოლის დაყენებაც, ყოველგვარი ხერხვისა და ბურღვის გარეშე. უნდა ითქვას, რომ ხმაურის დონე 2103 მოდელში კიდევ უფრო დაბალი იყო პირველ მოდელთან შედარებით. სწორედ "ნოლ-სამებში" დაიწყეს პირველად მაღალი კლასის ავტოაკუსტიკის დამონტაჟება.

კარდინალურად შეიცვალა ხელსაწყოთა პანელი - ის "სპორტულ" სტილში იყო გადაწყვეტილი, მრგვალი ფორმის ხელსაწყოებით. სპიდომეტრის გვერდით განთავსთდა ტაქომეტრი, გაჩნდა სადღეღამისო გარბენის მრიცხველი, სამუხრუჭე სითხის ნაკლებობის ინდიკატორი, ძრავაში ზეთის წნევის მაჩვენებელი, "ტორპედოს" ცენტრალურ ნაწილში კი საათი იყო განთავსებული.

სხვა სიახლეებიდან შეიძლება გამოვყოთ რადიალური საბურავები დიაგონალურის სანაცვლოდ, გაბარიტული ნათურები წინა კარებზე, მუხრუჭის ვაკუუმური გამაძლიერებელი და სამუხრუჭე ხუნდების ავტომატური რეგულირება მათი ცვეთისდა მიხედვით.

vaz2103 3

2103 მოდელის წინა სავარძლები უსაფრთხოების ღვედებით იყო დაკომპლექტებული (2101 მოდელზე მათი დაყენება მხოლოდ 1975 წლიდან გახადეს სავალდებულო). ამავე დროს სავარძლებს არ ჰქონდათ თავის მისაყრდნობები, რომელთა გამოყენება ამ დროისთვის ბევრ ქვეყანაში უკვე სავალდებულო გახდა. საექსპორტო მოდელებზე თავის მისაყრდნობები 1975 წლიდან გაჩნდა. თავდაპირველად მათ თვითონ დილერები ამონტაჟებდნენ, ხოლო 2106 მოდელის წარმოებაში გაშვების შემდეგ მისი მისაყრდნობიანი სავარძლების დაყენება საექსპორტო "ნოლ-სამებზეც" დაიწყეს. ამავე დროს შიდა ბაზრისთვის განკუთვნილი ავტომობილები წარმოების დასრულებამდე (1984 წ.) თავის მისაყრდნობების გარეშე გამოდიოდნენ.

1972 წლის ბოლო კვარტალში გამოშვებული იყო ახალი მოდელის საცდელი პარტია (1500-მდე მანქანა) 2101-ის სალონით, რომელსაც ВАЗ-2103В (ანუ დროებითი) ინდექსი მიანიჭეს. ეს მანქანები თავისუფალ გაყიდვაში არ გასულა, ისინი ავტოქარხნისა და მისი პარტნიორი საწარმოების თანამშრომლებს მიყიდეს.

"სრულფასოვანი" 2103 მოდელების წარმოება 1973 წლის დასაწყისში დაიწყეს. აღმოჩნდა, რომ ძრავის ცოტათი გაძლიერებისთვის, ორი ფარნის დამატებასთან ერთად მომხმარებელს საკმაოდ სოლიდური თანხა უნდა გაეღო: "ნოლ-სამის" გასაყიდი ფასი 7500 მანეთს შეადგენდა, მაშინ როდესაც "ჟიგულის" პირველი მოდელის ფასი იმ მომენტისთვის 5650 მანეთს არ აღემატებოდა. უნდა ითქვას, რომ 50-იანი წლების დასაწყისში ამ ფასად 4 "პობედის" ყიდვა შეიძლებოდა (იმდროინდელი კურსის შესაბამისად, რა თქმა უნდა).

მაღალი ფასის მიუხედავად, ახალი მოდელის შეძენის მსურველი მაინც საკმარისზე მეტი აღმოჩნდა, და ეს არც იყო გასაკვირი. თუმცა ოფიციალურად საბჭოთა საზოგადოებაში კლასებად დაყოფა არ იყო, ავტომანქანების განაწილების მხრივ ის ინდოეთის კასტურ საზოგადოებას უფრო წააგავდა.
"საბჭოთა ბრაჰმანები" - მთავრობის წევრები "ზილებითა" და "ჩაიკებით" გადადგილდებოდნენ, თუმცა ამ მანქანების პირად საკუთრებაში შეძენა მათ არ შეეძლოთ: თანამდებობიდან განთავისუფლებისას პერსონალური ავტომობილიც ჩამოერთმეოდათ.

უფრო დაბალ საფეხურზე მყოფ მოხელეებს "ვოლგები" ემსახურებოდათ (უმეტესად შავი ფერის), მათი კერძო საკუთრებაში შეძენა ასევე არ შეიძლებოდა.
სამეცნიერო და შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმატებული წარმომადგენლები მეტწილად "მოსკვიჩებით" კმაყოფილდებოდნენ, თუმცა განსაკუთრებული დამსახურებებისთვის შეიძლებოდა "ვოლგის" შეძენის უფლებითაც წახალისებულიყვნენ (ბევრი მათგანი ამ მანქანას შემდეგ ორმაგ ფასში ჰყიდდა).
მდაბიოთა კასტისთვის (მუშები, გლეხები, ინტელიგენციის დაბალი ფენები) "ზაპოროჟეცი" და სხვადასვა სახის მოტოტრანსპორტი იყო განკუთვნილი, თუმცა მათ არც "მოსკვიჩზე" ოცნებაც ეკრძალებოდათ.

არსებობდა ცალკე, "ხელშეუხებელთა" კასტაც: სახელგანთქმული ხელოვნების მოღვაწეები, მეცნიერები, სპორტსმენები, რომელთაც საზღვარგარეთ უწევდათ გასვლა. ამავე კასტას ეკუთვნოდნენ საზღვარგარეთ მომუშავე სახელმწიფო მოხელეებიც (ე. წ. "ზაგრანრაბოტნიკები"). "ხელშეუხებლებს" ნებისმიერი ავტომობილის შეძენა შეეძლოთ "ბეროიზკას" (საქართველოში - "ციცინათელას") ქსელის მაღაზიებში, ხშირად ისინი უცხოური ავტომანქანების ჩამოყვანასაც ახერხებდნენ.
შეიძლება ითქვას, რომ "ჟიგულების" გამოჩენამდე ეს სისტემა გამართული ძრავასავით მუშაობდა. მაგალითად, რომელიმე სავაჭრო ობიექტის გამგეს "ვოლგის" შეძენა მხოლოდ საკომისიო მაღაზიიდან შეეძლო, მაგრამ ამ შემთვევაში ის იმთავითვე მიიპყრობდა მაკონტროლებელ ორგანოთა ყურადღებას. ამის გამო ის იძულებული იყო სხვადასხვა ხრიკისთვის მიემერთა: ორმაგ ფასად ეყიდა მომგებიანი ლატარიის ბილეთი, მანქანა თავის ნათესავზე გაეფორმებინა, ან კიდევ უფრო დაბალი კლასის ავტომობილს დასჯერებოდა.

ამავე დროს, სოლიდურ დაწესებულებაში მაღალ თანამდებობაზე მყოფ თანამშრომელს "ზაპოროჟეცით" სიარული არ ეკადრებოდა: მართალია, მისი ხელფასი 200 მანეთს არ აღემატებოდა, მაგრამ უფრო მაღალი კლასის ავტომობილის შეძენა როგორღაც მაინც უნდა მოეხერხებინა.

ვაზ-2103 მოდელის გამოჩენამ ერთგვარი არეულობა შეიტანა ამ "იდილიაში". თუ "ჟიგულის" პირველი მოდელი მეტწილად "მოსკვიჩის" კონკურენტად პოზიციონირდებოდა, "ნოლ-სამი" უკვე უფრო მაღალი კლასის მანქანად მოიაზრებოდა. პირველ რიგში, "ჟიგულის" სალონი "მოსკვიჩზე" 10 სმ-ით ფართო იყო, ამიტომ უკანა დასაჯდომზე სამი ზრდასრული ადამიანი ერთმანეთს კალთაში აღარ ეჯდა.

"ვოლგის" უკვე შესამჩნევად მოძველებულ და მობეზრებულ დიზაინთან შედარებით "ნოლ-სამი" უფრო თანამედროვედ გამოიყურებოდა. მართალია, "ვოლგის" ძრავა შესამჩნევად ძლიერი იყო (95 ცხ. ძ.), მაგრამ მცირე წონისა და კარგი დინამიკის ხარჯზე ვაზ-2103 მას ტრასაზე ხშირად უკანაც მოიტოვებდა ხოლმე. ძრავის სიმძლავრით მათ არც იმდროინდელი "მოსკვიჩ"-412 ჩამორჩებოდა, მაგრამ ამ მანქანით 150 კმ/სთ სიჩქარის განვითარება თვითმკვლელს თუ მოუვიდოდა აზრად.
რაც მთავარია, ვაზ-2103 არ ითვლებოდა ისეთ "ფუფუნების საგნად", როგორც "ვოლგა", მის შესაძენად გმირობის ჩადენა ან აღმოჩენის გაკეთება აუცილებლი არ იყო. ამიტომაც "ნოლ-სამს" ყველაზე ხშირად იმხანად უკვე მოძლიერებული "ჩრდილოვანი ეკონომიკის" წარმომადგენლები ყიდულობდნენ "ვოლგის "სანაცვლოდ.
ვაზ-2103 "კინოკარიერა" მისი გამოშვებისთანავე შედგა: 1973 წელს დაიწყო ერთობლივი საბჭოთა-იტალიური კინოკომედიის, "იტალიელთა დაუჯერებელი თავგადასავალი რუსეთში" გადაღება. საბჭოთა მხარე ახალი მოდელის საზღვარგარეთ გარეკლამებით იყო დაინტერესებული, ამიტომ ეკონომიაზე არ ფიქრობდნენ: ფილმისთვის 5 ახლადგამოშვებული "ნოლ-სამი" იყო შეძენილი, მათგან გადაღების დასრულებამდე მხოლოდ ორმა მიაღწია.

სცენარის მიხედვით, კომედიის გმირები ერთმანეთს წითელი ვაზ-2103 -ით და თეთრი "მოსკვიჩ-412"-ით დასდევენ - ამ ორი მანქანის გაჯიბრება იმ პერიოდისთვის საკმაოდ სიმბოლური იყო. გადაღებების ნაწილი იტალიაშიც მიმდინარეობდა, ამიტომ ზოგიერთ მსხვილ პლანზე "ჟიგულის" მაგივრად Fiat-124 არის გადაღებული, ხოლო "მოსკვიჩს" კი Fiat-1100 ცვლიდა.

vaz2103 6

ეკრანზე ავტოდევნის ეპიზოდში კურიოზების მთელი რიგი შეიძლება შევნიშნოთ - ჯართად ქცეული მანქანები შემდეგ კადრში ახლებივით გამოიყურებიან, კარგავენ და იქვე "პოულობენ" ნაწილებს... ლაფსუსების მიუხედავად, ავტოტრიუკებს მონატრებული საბჭოთა მაყურებლისთვის ეს მაინც თავზარდამცემი სანახაობა იყო. ბევრი ამ ფილმს სწორედ ავტოდევნის გულისთვის უყურებდა რამდენჯერმე.

ყველა იმ ფილმის ჩამოთვლა, სადაც ვაზ-2103 არის გადაღებული, ძალიან შორს წაგვიყვანდა. მართალია, იმდროინდელ ფილმებში "ჟიგულის" სხვა მოდელებიც ფიგურირებდნენ, მაგრამ "ნოლ-სამი" კინემატოგრაფისტებს შორის მაინც ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ მუზეუმში დაცულმა ვაზ-2103 -მაც მოასწრო კინოგადაღებებში მონაწილეობის მიღება: მუზეუმის რამდენიმე სხვა ექსპონატთან ერთად ის ახალ ქართულ გახმაურებულ ფილმში (თვითმფრინავის ბიჭების შესახებ) , "მძევლებში" შეგიძლიათ იხილოთ.

vaz2103 7

საინტერესოა, რომ ვაზ-2103 მოდელს ქარხანა შემდგომშიც, მისი "მემკვიდრეებთან" (2106, 2105 და 2107) პარალელურად უშვებდა, 1984 წლამდე. უფრო ახალი მოდელების გამოჩენის შემდეგაც მომხმარებელი ხშირად სწორედ "ნოლ-სამის" ყიდვას ამჯობინებდა ხოლმე. ბევრი მას დღესაც ყველაზე სწრაფ მოდელად მიიჩნევს კლასიკურ "ჟიგულებს" შორის, ასევე ყველაზე ელეგანტურად.

 

 

 

© თბილისის ავტომუზეუმი. 2020

 

 

Pin It

Premium Downlaod Templatesby bigtheme.org

София Дървени дъски

София Иглолистен дървен материал

Online bookmaker Romenia bet365