1947 წელს ქ. ბრონიცის ერთ-ერთმა სამხედრო კვლევითმა ინსტიტუტმა მიიღო დავალება: თავისი საწარმოს ბაზაზე აეწყო აღლუმებისთვის განკუთვნილ ავტომანქანათა მცირე პარტია. მანქანა სამთავრობო „ზისებზე“ იაფი და ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო, ამიტომ მისი დამზადება იმხანად უკვე სერიაში გაშვებული „პობედის“ ბაზაზე გადაწყდა. „პობედიდან“ მთლიანად მოიხსნა სახურავი, დამოკლდა კარი, გამაგრდა ძარა. გარდა ამისა, სალონში დაამაგრეს სპეციალური ხელის მოსაკიდებელი ძელი მანქანაში მდგომი მხედართმთავართათვის

„პობედა“-ფაეტონი (ანუ ღია მანქანა გვერდითი ფანჯრების გარეშე) სერიულად არ გამოშვებულა, დამზადდა მისი მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლიარი. სხვადასხვა წლებში კიდევ რამდენიმე ამგვარი მანქანა ენთუზიასტების ძალისხმევით სხვადასხვა ავტოსარემონტო საწარმოში აეწყო.

ორი წლის შემდეგ კი (1949) ღია „პობედების“ სერიული წარმოება თვითონ გორკის ავტოქარხანაში წამოიწყეს, თუმცა მგზავრთა უსაფრთხოებისთვის მანქანას გვერდითი ფანჯრები დაუტოვეს - ასეთი ტიპის ძარას „კაბრიოლეტს“ უწოდებენ.

თითქოსდა, ასეთი მანქანის გამოშვება ჯერ კიდევ ომის ნანგრევებზე მცხოვრებ ქვეყანაში ყოველგვარ ლოგიკას იყო მოკლებული. ჩვეულებრივ, ფაეტონები და კაბრიოლეტები შეძლებული ხალხისთვისაა განკუთვნილი - როგორც მეორე-მესამე მანქანა, კარგ ამინდში გასეირნებისთვის. იმდროინდელ საბჭოთა კავშირში ოჯახში ერთი მანქანის ყოლაც კი წარმოუდგენელი ფუფუნება იყო. მეორე ავტომანქანის შეძენა კი ყველაზე მაღალი რანგის ჩინოსნებისთვისაც  დაუშვებელი იყო - რაში სჭირდებოდა საბჭოთა ადამიანს „ტკბილი ცხოვრების“ ეს ელემენტები?

ოფიციალურ დოკუმენტებში ღია „პობედა“ ფიგურირებდა, როგორც „ავტომობილი სამხრეთ რეგიონებისთვის, თუმცა მისი გამოშვების ნამდვილი მიზეზი სრულიად პროზაული იყო: ქვეყანაში იმხანად ფურცლოვანი ფოლადის დეფიციტი იგრძნობოდა, და მინისტრთა საბჭომ სპეციალური დადგენილებაც კი გამოსცა მისი ეკონომიის მოთხოვნით. ამავე პერიოდში, იგივე მიზეზით მოსკოვის ავტოქარხანამაც დაიწყო კაბრიოლეტ „მოსკვიჩ-400-420a“-ს სერიული წარმოება.

ამდენად, გავრცელებული მოსაზრება, რომ ღია „პობედა“ შეძლებული საბჭოთა ელიტისთვის იყო შექმნილი, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. პირიქით, კაბრიოლეტი ძირითად მოდელზე უფრო იაფად იყიდებოდა - იშვიათი შემთხვევა მსოფლიო პრაქტიკაში!

სახურავის მოხსნით მიღწეული ეკონომია საეჭვო იყო, რადგან ამან ძარის გაძლიერება მოითხოვა, რის გამოც მანქანა შემსუბუქების მაგივრად კიდევ უფრო დამძიმდა, გაიზარდა ლითონის ხარჯიც. სამაგიეროდ, დეფიციტური ფოლადის მთლიანი ფურცლის მაგივრად მისი ნარჩენები იხმარებოდა.

ყველაზე დიდი ენთუზიაზმით ღია „პობედის“ გამოშვებას კინემატოგრაფისტები შეხვდნენ, და ეს არცაა გასაკვირი: ღია სალონი მნიშვნელოვნად აადვილებს შიგ მსხდომი მსახიობების გადაღებას. ეს მანქანა არაერთი იმდროინდელი ფილმის მონაწილე გახლდათ.

 ჩვენი მაყურებლის უკვე მერამდენე თაობას ღია „პობედა“ ძირითადად ორი ფილმიდან ახსოვს: „ჭრიჭინა“ (1954, რეჟ. ს. დოლიძე) და „აბეზარა“ (1956, რეჟ. ნ. სანიკიძე):

ერთი-ორი სიტყვა კინოკურიოზების მოყვარულთაგულის გასახარად: „ჭრიჭინაში“ გადაღებულ მანქანას ორივე მხრიდან მოხსნილი აქვს სახელმწიფო ნომრები, „აბეაზარაში“ კი ორივე მარჯვენა კარი გვარიანადაა შეჭეჭყილი (თუმცა ეს არცაა გასაკვირი ასეთი მძღოლის ხელში).

კინოსგან განსხვავებით, რეალურ ცხოვრებაში ღია „პობედამ“ დიდი პოპულარობა ვერ მოიპოვა, სამხრეთ რეგიონებშიც კი, სადაც ის ძირითადად მიეწოდებოდა. სახურავის მოხსნამ გააუარესა მანქანის აეროდინამიკა, რის გამოც საშუალო სიჩქარემ 5 კმ/სთ-ით მოიკლო. გარდა ამისა, გაწვიმებისას ბრეზენტის ტენტის გაჭიმვა (და შემდგომი აკეცვა) ღილაკზე თითის დაჭერით როდი ხორციელდებოდა - ეს ოპერაცია მანქანიდა გადმოსვლას და ათამდე მანიპულაციის ჩატარებას მოითხოვდა.

რა გასაკვირია, რომ ასეთი მანქანების მფლობელთა უმეტესობა საკუთარი ძალებით ცდილობდა ლითონის მყარი სახურავის მიმონტაჟებას - ძირითადად მას უტილში ჩაბარებული მანქანებიდან ხსნიდნენ ხოლმე.

კაბრიოლეტ „პობედას“ გორკის ავტოქარხანა 1953 წლის ჩათვლით აწარმოებდა. ამ ხნის წარმოებული მანქანათა რიცხვი 14222 ერთეულს შედგენდა. (შედარებისთვის - სულ 1946-1957 წლების განმავლობაში 241497 „პობედა“ იყო გამოშვებული). 1952 – 53 წლებში ღია მანქანათა წარმოება სამთავრობო დონეზე არარენტაბელურად იყო მიჩნეული, შემცირდა ფოლადის ფურცლის დეფიციტიც. დაახლოებით ამ დროს შეწყდა ასევე კაბრიოლეტი „მოსკვიჩების“ წარმოებაც. 

ყოველივე ამის გამო ღია „პობედებს“ ვერც თავის დროზე ნახავდით ხშირად ჩვენ გზებზე. გვიან საბჭოურ ეპოქაში მცირერიცხოვანი მოყვარულები გაცხარებულები „ნადირობდნენ“ შემორჩენილ ეგზემპლიარებზე: ავტოქარხნების ყოველი შემდგომი მცდელობა - სერიულად გამოეშვათ კაბრიოლეტი უშედეგო აღმოჩნდა.

დღეს ღია „პობედა“ უიშვიათეს რარიტეტად ითვლება. ავტომუზეუმის განკარგულებაში მყოფი „პობედა“-ფაეტონი ჩვენი რესტავრატორების ძალისხმევით იქნა აღდგენილი. ეს არის საექსკურსიო-გასასეირნებელი მანქანა, რომლის ქირაობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ემსახურება ის ასევე ქორწილებსაც, და უნდა ითქვას, რომ უკვე ბევრი ბედნიერი ოჯახის შექმნას შეუწყო ხელი.