Pin It

 მოსკვიჩი-2140-117 ლუქსი (SL) (Москвич-2140-117 Люкс (SL); Moskvich-1500SL)

 

SL01

 

 მწარმოებელი მოსკოვის მცირელიტრაჟიანი ავტომობილების ქარხანა (МЗМА), 1968 წლიდან - АЗЛК
მოდელი მოსკვიჩი-2140-117 ლუქსი (SL) (Москвич-2140-117 Люкс (SL); Moskvich-1500SL)
 გამოშვების წლები  1980 - 1987
ძარა სედანი, 4 კარი, 5 ადგილი
ტიპი 4 × 2, უკანა წამყვანი ღერძით
ძრავა УЗАМ-412-0102, 1500 კუბ.სმ, 75 ცხ.ძ.
გადაცემათა კოლოფი  მექანიკური, 4 საფეხურიანი
მაქს. სიჩქარე 142 კმ./სთ.
ავზის მოცულობა 46 ლ.
საწვავის ხარჯი 8 - 11 ლ. / 100 კმ.
გაბარიტები 4250x1550x1480 მმ.
ტვირთამწეობა 430 კგ.
წონა 1035 კგ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გასული საუკუნის 70-ანი წლები „უძრაობის ხანის“ სახელით შევიდა ისტორიაში, ყოველ შემთხვევაში, საბჭოურ ავტომრეწველობაში შექმნილ სიტუაციას სხვა სიტყვებით ვერც დავახასიათებთ. თუ მანამდე, 30-ანი წლებიდან მოყოლებული, სამოდელო რიგის რადიკალური განახლება 10 წელიწადში ერთხელ მაინც ხდებოდა, 70-ან წლებში ავტოსაწარმოები მეტწილად ძველი მოდელების უმნიშვნელო მოდერნიზაციით კმაყოფილდებოდნენ.

70-ან წლებში რეალიზებულ სიახლეებიდან მხოლოდ ВАЗ-2121 „ნივას“ თუ დავასახელებთ, რაც შეეხება „ჩაიკა“ ГАЗ-14-ს ან ყველგანმავალ УАЗ-469-ს, ეს მხოლოდ და მხოლოდ 60-ან წლებში რეალიზებული პროექტების ათვისება იყო. უფრო მეტიც, 70-ანებში აშენებული ახალი ქარხნის, „კამაზის“ პირველი მანქანა ჯერ კიდევ 1967 – 1968 წლებში შექმნილი ЗИЛ-170 -ის მოდიფიკაციას წარმოადგენდა, რომელიც თავის მხრივ ამერიკული International COF-220 -ის ბაზაზე იყო დაპროექტებული.

ამ ფონზე ვერც მოსკოვის ავტოქარხანა (იმხანად უკვე АЗЛК-დ წოდებული) დაიკვეხნიდა რაღაც მიღწევებით. მთავრობაში „ავტოვაზის“ ლობისტებმა დაიდეს ბინა, მთელი ფინანსური ნაკადები ამ ავტოგიგანტისკენ მიედინებოდა. სხვა ქარხნებს ახალი მოდელების ასათვისებლად საკმარისი თანხები არ გამოეყოფებოდათ. პრინციპულად ახალი პროექტის - „მოსკვიჩ-2141“ რეალიზაცია ჭიანურდებოდა, ხოლო 1976 წელს „კოსმეტიკურად“ მოდიფიცირებული „მოსკვიჩ-2140“ დღითიდღე კარგავდა პოპულარობას არა მხოლოდ საზღვარგარეთ, არამედ შიდა ბაზარზეც.

იშვიათად თუ შეხვდებოდით ადამიანს, რომელსაც „ჟიგულის“ ნაცვლად „მოსკვიჩის“ ყიდვას არჩევდა, მით უმეტეს რომ მათი ოფიციალური ღირებულება დიდად არ განსხვავდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ მოსკვიჩს ერთადერთი მიზეზის გამო ყიდულობდნენ: „ჟიგულის“ საყიდლად არა მარტო რიგში ჩაწერა, არამედ შესაბამისი ნაცნობობაც, ან სოლიდური ქრთამის მიცემა იყო საჭირო.

ქარხნის ხელმძღვანელობას შიდა ბაზარი ისე არ ანაღვლებდა, რამდენადაც მანქანის უცხოეთში გაყიდვა. ყველაზე იოლი გამოსავალი 2140 მოდელის პარალელურად მისი ლუქს-მოდიფიკაციის გამოშვება იყო, რომელიც ძირითადად ექსპორტზე იქნებოდა ორიენტირებული. კონსტრუქტორებს უკვე მერამდენედ დაუსახეს თითქმის განუხორციელებელი მიზანი: შეექმნათ საერთაშორისო კლასის ავტომობილი უიმედოდ მოძველებული მოდელის მინიმალური მოდერნიზაციით.

თავდაპირველად ჩიხიდან გამოსავალს წამყვანი უცხოელი სპეციალისტების მოწვევაში ხედავდნენ: ინტერიერის მოდერნიზაციას სახელგანთქმული დიზაინერის, რაიმონდ ლოუის ატელიეს ფრანგულმა ფილიალმა მოკიდა ხელი. ლოუიმ ისეთი მსოფლიო ბრენდების, როგორც Studebaker, Jaguar, Lancia, BMW დიზაინერმა გაითქვა სახელი. მას ეკუთვნის ასევე კოკა-კოლის ბოთლის, კოსმოსური სადგურის „სკაილების“ და „კონკორდის“ ინტერიერების დიზაინი, ასევე აშშ-ს პრეზიდენტის თვითმფრინავის გარე გაფორმება.

SL06

ლოუის ატელიეს მიერ შექმნილი“მოსკვიჩის“ ინტერიერი ქარხანას არც მეტი, არც ნაკლები 80 000 დოლარი დაუჯდა, რასაც ქარხნის თანამშრომლებს შორის ათასნაირი მითქმა-მოთქმა მოყვა: ადგილობრივი კონსტრუქტორები თვლიდნენ, რომ გაცილებით ნაკლები ხარჯებით ამ ამოცანას თავს უკეთესადაც გაართმევდნენ. პრეტენზიები არც თუ უსაფუძვლო აღმოჩნდა: ლოუის დიზაინი ტექნოლოგიურად რთული ასათვისებელი და ძვირადღირებული იყო, დახარჯული თანხა ფაქტიურად წყალში გადაიყარა.

ახალ მოდიფიკაციაზე მუშაობა ქარხანამ საკუთარ ძალებზე დაყრდნობით გააგრძელა, პროექტში ასევე იუგოსლავიური ფირმა Saturnus ჩაერთო. თანამშრომლობა ბარტერის პრინციპით ხორციელდებოდა - იუგოსლავები ქარხანას ბამპერებს, განათების ხელსაწყოებს, ინტერიერის დეტალებს აწვდიდნენ, სანაცვლოდ კი მზა პროდუქციას ღებულობდნენ.

თანამშრომლობა უნაყოფო არ აღმოჩნდა: მოძველებული ქრომირებული ბამპერების ნაცვლად მანქანაზე დახვეწილი ფორმის „მოცულობითი“, პლასტიკური მასალებისგან დამზადებული ბამპერები დააყენეს. წინა ბამპერზე ასევე გაბარიტებისა და მოხვევის მაჩვენებლების ფარნები გადაიტანეს. ამგვარმა გადაწყვეტამ მანქანის წინა ნაწილი ვიზუალურადაც დაადაბლა.

SL02

გვერდით სიბრტყეებს შავი ფერის ჰორიზონტალური მოლდინგები გააყოლეს, რაც ვიზუალურად ასევე ადაბლებდა და აგრძელებდა ძარას, შავი ფერის იყო ასევე სახელურები და გარე სარკე, გვერდითი ფანჯრებზე მინის გარშემო ჩარჩოები დაამუქეს.

უკანა ოპტიკა ორი კომბინირებული ხელსაწყოსგან შედგებოდა, რომლებიც პოლიკარბონატისგან იყო დამზადებული - ასეთით „ავტოვაზის“ პროდუქციაც კი ვერ დაიკვეხნიდა. ახალ მოდიფიკაცაზე МИ-166 მეტალოკორდიანი რადიალური საბურავები დააყენეს, ბორბლებზე კი ახალი ტიპის დისკები, ქრომირებული ხუფების გარეშე.

SL03

ცვლილებები სალონსაც შეეხო. ლუქს-მოდიფიკაციას დაბალი, ერგონომიული წინა პანელი ჰქონდა - „ავტოვაზმა“ ასეთი მხოლოდ 1984 წელს გამოიყენა ВАЗ-2108 მოდელზე. ხელსაწყოები უფრო ინფორმატიული გახდა, სიახლეებს შორის იყო ასაევე ახალი ტრავმაუსაფრთხო საჭე, გადაცემათა გადამრთველის სახელური ტყავის ფაქტურით, იუგოსლავიური რადიომიმღები А-275, ინერციული უსაფრთხოების ღვედები. იატაკზე სინთეტიკური ბეწვის ხალიჩა იყო დაფენილი.

SL07

სავარძლების ზურგის დახრა „საფეხურების“ გარეშე ხდებოდა, რასაც ლიცენზიით დამზადებული მექანიზმი ახორციელებდა , ამგვარი ოფცია მანამდე არც ერთ საბჭოთა მანქანას ჰქონია. სავარძლებზე იუგოსლავიიდან მიღებული ველიური იყო გადაკრული, სალონი რუხ ან ჩალისფერ გამაში იყო გადაწყვეტილი და გაცილებით უფრო „მხიარულად“ გამოიყურებოდა, ვიდრე სტანდარტული 2140 მოდელის მუქი პლასტიკის სალონი.

SL08

წინა ფანჯრები მთლიანი იყო, ტრადიციული მცირე სამკუთხა სარკმელების გარეშე, ისევე როგორც ცოტათი ადრე გამოშვებულ ВАЗ-2105-ზე. ამგვარ გადაწყვეტას იმთავითვე ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, რადგან ახლა სალონის გასანიავებლად მთლიანი მინის ჩამოწევა იყო საჭირო.

ითვლება, რომ ლუქს-მოდელი სტანდარტულისგან მხოლოდ სალონითა და გარე გაფორმებით განსხვავდებოდა, სინამდვილეში ცვლილებები სავალ ნაწილსაც შეეხო. მთავარი გადაცემის გადაცემითი რიცხვი 4,22-დან 3,89-მდე შეამცირეს, რის გამოც 40-დან 140 კმ/სთ-მდე სიჩქარით მოძრაობისას ბენზინის ხარჯმა 100 კმ-ზე 0,5 ლიტრით იკლო.

SL04

„მოსკვიჩ-ლუქსზე“ დააყენეს ახალი გენერატორი და ჰაერის გაფილტვრის გაუმჯობესებული სისტემა, ძველი პრიმიტიული კარბიურატორი ფირმა Weber-ის ლიცენზიით გამოშვებულმა შეცვალა, ხოლო ფირმა Bosh-ის ლიცენზიით დამზადებული ანთების სისტემის გამანაწილებელი (Р147) ძრავის უფრო ეკონომიურ მუშაობას უზრუნველყოფდა.

მუხრუჭის სისტემის ვაკუუმური გამაძლიერებელი ბრიტანული ფირმა Girling-ის ლიცენზიით იყო დამზადებული, მაყუჩი სამსაფეხურიანი იყო, გაუმჯობესდა გათბობის სისტემა, დაინერგა უკანა მინის გათბობა.

SL10

ახალ მოდიფიკაციას ოფიციალურად 2140-117 ინდექსი მიენიჭა, თუმცა მას უფრო როგორც „მოსკვიჩ-2140SL”-ს იცნობენ. საექსპორტოდ ის “Moskvich-1500SL” სახელით გადიოდა, ხოლო ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში (კერძოდ ფინეთში) როგორც “Elite-1500SL”. აღსანიშნავია, რომ შიდა ბაზრისთვის განკუთვნილ მოდელების ძარაზეც მიკრული იყო ნიშანი „SL“, საბარგულის ხუფზე ასევე ლათინური ასოებით ეწერა “Moskvich-1.5“, რაც არღვევდა საბჭოთა ავტომრეწველობაში არსებულ ტრადიციებს: ლათინური წარწერები მხოლოდ საექსპორტო მანქანებზე შეიძლებოდა ყოფილიყო, ერთადერთი გამონაკლისი რიგაში გამოშვებული მიკროავტობუსებისთვის კეთდებოდა.

SL05

თავისთავად „SL“ აბრევიატურის მინიჭება უბრალოდ უცხოური კომპანიების მარკეტინგული ხრიკების მიბაძვა იყო, კერძოდ, Mercedes-Benz-ის კლასიფიკაციით ეს Super Light-ს ნიშნავდა. „მოსკვიჩის“ შემთხვევაში მას ძირითადად როგორც Super Luxe შიფრავდნენ. არსებობდა სხვა ვერსიებიც: Special Luxe, Saturnus Luxe (იუგოსლავი პარტნიორის პატივსაცემად), ან სულაც Soviet Luxe.

„ლუქს“ მოდიფიკაციის სერიული წარმოების დაწყება 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადისთვის იგეგმებოდა, მაგრამ რამდენჯერმე გადაიდო და მხოლოდ ნოემბერში მოესწრო. გამოშვებულ მანქანათა ცალკეულ პარტიებს ფინური ფირმის Tikkurila-ს ე. წ. „მეტალიკით“ - რეფლექსური ემალით ღებავდნენ, თუმცა "მოსკვიჩისთვის" ეს არ იყო სიახლე - პირველად ამგვარი ემალი სტანდარტულ 2140 მოდელზე 1978 წელს გამოიყენეს. არსებული მონაცემებით, SL მოდიფიკაციისთვის ორი ფერის „მეტალიკის“ ემალი იხმარებოდა: ვერცხლისფერი („თოვლის დედოფალი“) და მოყავისფრო-ნარინჯისფერი („სტრადივარი“).

SL11

„მეტალიკით“ შეღებილი მანქანები ძირითადად ექსპორტზე მიდიოდა, მათი ნაწილი შიდა ბაზარზეც ხვდებოდა, თუმცა რიგითი მყიდველებისთვი მხოლოდ ზედმეტი თავის ტკივილი აღმოჩნდა: უმნიშვნელო ავარიის შემთხვევაშიც კი სახელოსნოს პირობებში ფერის შერჩევა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდებოდა, ერთადერთი გამოსავალი სტანდარტული ემალით მანქანის მთლიანად გადაღებვა იყო. დღეისთვის პირვანდელი სახით შენარჩუნებული „მეტალიკით“ შეღებილი „მოსკვიჩები“ დიდი იშვიათობაა.

SL12

SL მოდიფიკაციის გამოშვებამ თავდაპირველად მართლაც გაამყარა მოდელის საექსპორტო პოტენციალი, თუმცაღა ის ძირითადად სოციალისტურ ქვეყნებში იყიდებოდა, ან ისეთ ქვეყნებში, სადაც „მოსკვიჩს“ მომხმარებელი ტრადიციულად ჰყავდა - ფინეთში, საბერძნეთში, სკანდინავიის ქვეყნებში.

შიდა ბაზარზე „ლუქს“ ვერსია სტანდარტულზე თითქმის 1000 მანეთით ძვირი იყო, ის 8400 მანეთამდე ღირდა და ფასით „ჟიგულის“ 2106 მოდელს შეედრებოდა. ცხადია, ასეთი მანქანა მხოლოდ შეძლებული ხალხისთვის იყო ხელმისაწვდომი, მაგრამ ბაზრის ეს სეგმენტი მეტწილად „ავტოვაზის“ პროდუქციას ანიჭებდა უპირატესობას. „მოსკვიჩი“ ძირითადად სოფლად მცხოვრებთა შორის იყო პოპულარული, ამიტომაც ყველაზე მოთხოვნად მოდიფიკაციად დეფორსირებული ძრავის მქონე 2140Д რჩებოდა, რომელიც იაფ და ხელმისაწვდომ A76 ბენზინსაც მოიხმარდა.

SL17

ყველაფერთან ერთად, 1982 წელს ჩატარებული ძირითადი მოდელის მოდერნიზაციის შედეგად მასზე ლუქს-მოდელის ბევრი სიახლე გადაიტანეს: „დაჩქარებული“ რედუქტორი, გათბობის სისტემა, რადიალური საბურავები, დისკები, ფანჯრები სარკმელების გარეშე... რეალური სხვაობა სტანდარტულ და SL მოდიფიკაციას შორის მინიმუმამდე დავიდა. მიუხედავად ამისა, მყიდველი არც ლუქს-ვერსიას აკლდა - ავტობაზარზე მოთხოვნა ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად აჭარბებდა შემოთავაზებას.

1983 წლისთვის ქარხანა წარადგინა რალისთვის განკუთვნილი „მოსკვიჩი“ SL მოდიფიკაციის ბაზაზე. 60-ანი წლების ბოლოს 412 მოდელმა საერთაშორისო შეჯიბრებებზე საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა, მაგრამ 80-იანი წლებისთვის „მოსკვიჩს“ უცხოურ მოდელებთან კონკურირება საერთოდ აღარ შეეძლო - შეიცვალა შეჯიბრების პირობები, პრიორიტეტი ახლა არა მანქანების გამძლეობას, არამედ სიმძლავრეს, დინამიკას და მართვადობას ენიჭებოდა. ამ მხრივ ქარხანა ვერაფერს თავაზობდა, ერთადერთი გამოსავალი არსებული კონსტრუქციის ღმა მოდერნიზაცია იყო.

„ლუქს“ ვერსიას ერთი პლუსი - დისკისებრი მუხრუჭი ჰქონდა ვაკუუმის გამაძლიერებლით. მოდერნიზაცია ჩაუტარდა ამორტიზატორებს, დააყენეს უატის პარალელოგრამი უკანა დაკიდებაზე, უფრო მსუბუქი და ფართო ბორბლები, ახალი გადაცემათა კოლოფი, ორკარბიურატორიანი 130 ცხ. ძ, 1,6 ლ. ძრავა 412-2В. მაქსიმალური სიჩქარე 180 კმ/სთ აღწევდა.

SL14

ავტომობილს AZLK 1600SL RALLYE დაერქვა. მისი ყველაზე დიდი მიღწევა 1985 წელს ფინეთში ჩატარებულ რალიზე თავის კლასში მოპოვებული მე-3 ადგილი იყო.

1983 წელს საბჭოთა სამხედრო თვითმფრინავმა სამხრეთკორეული სამგზავრო „ბოინგი“ ჩამოაგდო, რომელმაც შეცდომით გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი. თავისთავად „მოსკვიჩი“ აქ არაფერ შუაში იყო, მაგრამ ინციდენტის შედეგები უშუალოდ აისახა მის ბედზეც - საბჭოთა კავშირის საერთაშორისო პრესტიჟი კიდევ უფრო დაეცა, საბჭოთა საქონელს მთელ მსოფლიოში უცხადებდნენ ბოიკოტს, სოციალისტურ ქვეყნებშიც კი. ათასობით საექსპორტოდ გამზადებული ავტომანქანა უკან მოაბრუნეს. ეს პირველ რიგში ექსპორტზე ორიენტირებულ „მოსკვიჩ-ლუქსის“ გაყიდვებზე აისახა.

Sl16

80-იან წლების შუაში მოსკოვის ავტოქარხანა კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა: ხელისუფლება წარმოების ტემპის ამაღლებას მოითხოვდა, რის გამოც მკვეთრად დაეცა „მოსკვიჩების“ ხარისხი. ამავე დროს „ავტოვაზის“ პროდუქცია შედარებით უფრო ხელმისაწვდომი გახდა, „მოსკვიჩის“ შეძენის მსურველთა რიცხვმა კიდევ უფრო იკლო. 1985 წლიდან დაწყებული ბევრ ქალაქში „მოსკვიჩის“ შეძენა არა მარტო ურიგოდ, არამედ ნისიადაც კი შეიძლებოდა - პირველად საბჭოთა ავტომრეწველობის არსებობის მანძილზე.

1986 წელს ქარხანამ 4 მილიონი მანქანის გამოშვება იზეიმა. ეს იყო „თოვლის დედოფლის“ სტილში შეღებილი SL მოდიფიკაცია. 1987 წელს ქარხანაში ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა, რომელმაც ხარისხის გამოსწორება შეძლო, თუმცა კი „მატარებელი“ უკვე წასული იყო. ევროპულ ბაზარზე კარგა ხანია სულ სხვა ტენდენციები ბატონობდნენ, „კლასიკური“ ფორმის უკანა ამძრავიან სედანებზე მოთხოვნა მინიმუმამდე იყო დასული. შიდა ბაზარზე უცხოური მანქანების შემოდინება დაიწყო, მოსახლეობის დიდი ნაწილი ახალ საბჭოთა მანქანას ნახმარ უცხოურს ამჯობინებდა.

SL15

1988 წლის ივლისში, პრინციპულად ახალი მოდელის - „მოსკვიჩ-2141“ ათვისებასთან დაკავშირებით ქარხანამ მთლიანად შეწყვიტა 2140 მოდელის წარმოება. არსებული მონაცემებით, SL მოდიფიკაციის გამოშვება უფრო ადრე, 1987 წელს შეწყდა, რადგან მისი წარმოებისთვის დეფიციტური უცხოური კომპონენტები იყო საჭირო. სულ წარმოების პერიოდში 170 700 ეგზემპლიარი SL მოდიფიკაციის „მოსკვიჩი“ იყო გამოშვებული.

SL18

 

© თბილისის ავტომუზეუმი. 2019

Pin It

Premium Downlaod Templatesby bigtheme.org

София Дървени дъски

София Иглолистен дървен материал

Online bookmaker Romenia bet365