Pin It

 ზაზ-968ა ''ზაპოროჟეცი'' ("Запорожец" ЗАЗ-968А; "Zaporozhets" ZAZ-968A)

 

 zaz968a 1

 

მწარმოებელი ზაპოროჟიეს ავტოქარხანა (ЗАЗ)
 მოდელი

ზაზ-968ა ''ზაპოროჟეცი''

(ЗАЗ-968А "Запорожец"; ZAZ-968A "Zaporozhetz")

გამოშვების წლები 1973 - 1979
ძარა

2 კარი, კუპე (4 ადგილი),

 ტიპი

4 × 2, უკამა წამყვანღერძიანი, ძრავის უკან განლაგებით

ძრავა

МеМЗ-968, 4 ცილ. 1197 კუბ.სმ, 41 ცხ.ძ.

გადაცემათა კოლოფი  მექანიკური, 4 საფეხურიანი
მაქს. სიჩქარე  120 კმ./სთ.
ავზის მოცულობა 40 ლ.
საწვავის ხარჯი 6,2 ლ./100 კმ.
გაბარიტები 3730x1570x1400მმ.
ტვირთამწეობა 320 კგ.
წონა 860 კგ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს ზაპოროჟიეს ავტოქარხანა "კომუნარი" მეტად არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა. 1964 წელს ხელისუფლებაში მოსულ ლეონიდ ბრეჟნევს, თავისი წინამორბედისგან ხრუშოვისგან განსხვავებით, პატარა მანქანებისკენ გული არ მიუწევდა. ძვირადღირებული მანქანების მოყვარული და კოლექციონერი, ბრეჟნევი "ჯენერალ მოტორსის" 50-იანი წლების დევიზით ხელმძღვანელობდა: "ქალი პატარა უნდა იყოს, მანქანა კი დიდი". მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე ბრეჟნევი ზაპოროჟიეს ოლქში პარტოტგანიზაციის პირველ მდივნად იყო ნამუშევარი, იქ განლაგებულ ქარხანას დიდ ყურადღებას არ უთმობდა.

1969 წელს საბოლოოდ შეწყდა 965 სერიის, "კუზიანინი ზაპოროჟეცების" წარმოება, რის გამოც საგრძნობლად შემცირდა ქარხნის პროდუქციის ექსპორტი - ახალი, 966 სერიის მოდელი გარე ბაზარზე დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა. "კუზიანი" თავისი მახასიათებლებით "ქალაქის ავტომობილის" (City car) სეგმენტის მოთხოვნებში ჯდებოდა, ხოლო ზაზ-966, რომელიც წინამორბედზე 40 სმ-ით გრძელი იყო, ამგვარ მანქანად აღარ აღიქმებოდა. "კუზიანის" კონვეერიდან მოხსნით ქვეყნის შიგნითაც ბევრი ავტომოყვარული დარჩა გულდაწყვეტილი.

zaz968a 3

1970 წლისთვის საბჭოთა ავტომრეწველობაში გამოცოცხლება შეინიშნებოდა: გორკის ავტოქარხანა მთლიანად გადავიდა ახალი მოდელის, გაზ-24 -ის წარმოებაზე, ამოქმედდა ახალი ავტოგიგანტი ქ. ტოლიატიში, რომელმაც თავისი პირველი მოდელი - ვაზ-2101 წარადგინა. იმდროინდელი ავტოდეფიციტის პირობებში "ზაპოროჟეცზე" მოთხოვნა კვლავაც მაღალი იყო, მაგრამ მისი პოპულარობა ავტომოყვარულებს შორის დღითიდღე კლებულობდა. იშვიათად თუ მოიძებნებოდა "ზაპორის" მფლობელთა შორის ისეთი, რომელიც მის თავიდან მოცილებასა და თუნდაც "ჟიგულის" შეძენაზე არ ოცნებობდა.
ამ დროისთვის ზაპოროჟიეს ქარხნის მთავარი კონსტრუქტორი, ვლადიმირ სტეშენკო ახალი ავტომობილის პროექტის განხორციელებას ცდილობდა, წინა წამყვანი ბორბლებითა და წყლის გაგრილებით. ამ მანქანას უკვე მოძველებული ზაზ-966 უნდა შეეცვალა. პროექტს მოსკოვის ხელმძღვანელობამ მხარი არ დაუჭირა, და ახალი ავტომობილის გამოშვება მრავალი წლით გადაიდო - სტეშენკოს იმდროინდელმა ჩანაფიქრმა მხოლოდ 1987 წელს გამოშვებულ "ტავრიაში" ჰპოვა რეალიზაცია.

რაკი პრინციპულად ახალი მოდელის ათვისება შეუძლებელი გახდა, კონსტრუქტორებმა აქცენტი არსებული ავტომობილის გაუმჯობესებაზე გააკეთეს. 1971 წლიდან ქარხანა ახალი მოდელის, ზაზ-968 -ს გამოშვებას შეუდგა, თუმცა, დღევანდელი ტერმინოლოგიით, ამას უფრო არსებული მოდელის რესტაილინგი შეიძლება ვუწოდოთ.

ახალი მანქანა 40 ცხ. ძ. ძრავით იყო აღჭურვილი, თუმცა ამგვარი ძრავა 966 მოდელებზეც ყენდებოდა, 1967 წლიდან. თავის მხრივ, 27 ცხ. ძ. ძრავა 968 სერიის ზოგიერთ მოდიფიკაციაზეც იხმარებოდა, კერძოდ ინვალიდებისთვის განკუთვნილ მანქანებზე.
შეიცვალა მანქანის ექსტერიერიც, კერძოდ, მისი წინა ნაწილის გაფორმება - ლითონის გისოსი ქრომირებული ვიწრო მოლდინგით ჩაანაცვლეს, რომელსაც ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში "კომუნიზმის ფრთები" შეერქვა. ამ გარეგნული ცვლილების გამო "სახალხო მთქმელებმა" მანქანას ახალი მეტსახელებიც მოუგონეს: ძველ, 966 მოდელს "მტირალა" შეარქვეს, ახალს კი "მცინარა".

zaz968a 2

 

968 მოდელს დაუმატეს უკანა სვლის ფარნები, განლაგება შეუცვალეს წინა მოხვევის მანიშნებლებისა და გაბარიტების სანათებლებს.
ძველი მოდელიდან ახალზე გადასვლა თანდათან მიმდინარეობდა, გარკვეული პერიოდი 968 მოდელთან ერთად ქარხანა 966 მოდელსაც უშვებდა. პირველ ხანებში განსხვავება მათ შორის პრაქტიკულად არ იყო. მაგალითად, "კომუნიზმის ფრთები" მხოლოდ 1973 დაინერგა, მანამდე 968 მოდელს ძველი, "მტირალა" გაფორმებით უშვებდნენ. 1971-დან 1973 წლამდე ქარხანა სულ ასეთ "ვირცხენებს" აწარმოებდა, რის გამოც დღეს ამ პერიოდში გამოშვებული 966 და 968 მოდელების ერთმანეთისგან გარჩევა ექსპერტებსაც კი უჭირთ.

1973 წელს ქარხანამ 968 მოდელის ახალი, ლუქს-მოდიფიკაცია შეიმუშავა, რომელსაც 968A ინდექსი მიანიჭეს. ამ პეროდში ევროპაში გამკაცრდა მოთხოვნები ავტომანქანების უსაფრთხოების მიმართ, ამდენად ძირითადი ცვლილებები პირველ რიგში ამ მიმართულებით განხორციელდა. ცხადია, პირველ რიგში მოდერნიზაცია საექსპორტო მოდელებს შეეხო.

ძველი სავარძლების მაგივრად ადაპტირებული ვაზ-2101-ის სავარძლები დააყენეს (და არა ორიგინალური "ჟიგულის" სავარძლები, როგორც ხშირად წერენ). ეს მხოლოდ კომფორტზე ზრუნვით არ იყო განპირობებული: ძველ სავარძლებზე ზურგის მოულოდნელად მოწყვეტის გამო სერიოზული ავარიებიც კი მომხდარა. მანქანამ შეიძინა ახალი, ტრავმებისგან დამცავი საჭე, უსაფრთხოების ღვედები, წინა სარკმელში მრავალფენოვანი მინა ჩაისვა. მოგვიანებით (1976 წლიდან) ფოლადის "ტორპედო" რბილი პლასტიკატისგან დამზადებულმა შეცვალა. 968A ასევე გატაცების საწინააღმდეგო დაქოქვის სისტემით აღჭურვეს (თუმცა "ზაპორის" გატაცების მსურველი იშვიათად თუ მოიძებნებოდა).

zaz968a 4

ბენზინის ავზის საცობმა ძრავის ხუფის ქვეშ გადაინაცვლა. ახლა მის მოსახსნელად ძრავის ხუფის ახდა გახდა აუცილებელი. ეს სიახლე "ზაპოროჟეცის" მფლობელებმა ჯეროვნად მხოლოდ წლების მერე დააფასეს, როდესაც მთელ ქვეყანაში ბენზინის მასობრივად მოპარვა დაიწყეს.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება "ზაპოროჟეცის" ერთ-ერთ ყველაზე სუსტ წერტილს - სამუხრუჭე სისტემას შეეხო. ყველა წინა მოდელი ე. წ. ერთკონტურიანი მუხრუჭებით იყო აღჭურვილი, რომელთაც არანაირი დუბლირება არ გააჩნდათ და სისტემის ერთ-ერთი ელემენტის მწყობრიდან გამოსვლისას მანქანის გაჩერება მხოლოდ ხელის მუხრუჭით თუ იყო შესაძლებელი. სამოციან წლებში, როდესაც ქუჩებში არც ისე ბევრი მანქანა დადიოდა, ეს ჯერ კიდევ დიდ საშიშროებას არ ქმნიდა, მაგრამ სამოცდაათიანებში ავარიები "ზაპოროჟეცის" მუხრუჭების გაუმართაობის გამო საგრძნობლად მოხშირდა. ამდენად, მრავალრიცხოვან ანეკდოტს "ზაპოროჟეცისა" და "მერსედესის" შეჯახების თემაზე სავსებით რეალური წინაპირობა გააჩნდა. 968A მოდელზე ორკონტურიანი ჰიდრავლიკური სამუხრუჭე სისტემა დააყენეს, ანუ წინა და უკანა ბორბლების მუხრუჭები დამოუკიდებელად მოქმედებდნენ, ასე რომ ერთ-ერთში სამუხრუჭე შლანგის გაწყვეტისას მანქანის გაჩერება მაინც შესაძლებელი იყო. 

სამწუხაროდ, "ზაპოროჟეცის" მფლობელთა კიდევ ერთ მუდმივ "თავის ტკივილს" - ძრავის გადახურების პრობლემას კონსტრუქტორებმა ვერაფერი მოუხერხეს. 966 სერიის ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო დეტალი - ე. წ. "ყურები" 968-ის ადრეულ მოდიფიკაციებსაც შემორჩა. ამის გამო ხალხში "ზაპოროჟეცს" ძველებურად "ყურშას" და "ჩებურაშკას" ეძახდნენ. 70-იანი წლების მეორე ნახევარში კი მანქანის მფლობელთა შორის ახალი მეტსახელი გაჩნდა: "მოკლეყურიანი" - დაახლოებით 1973 წლიდან "ყურები" რატომღაც დაამოკლეს, რის გამოც ჰაერმიმღების ხვრელები ზუსტად უკანა ბორბლების თავზე განთავსთდა. გაუგებარია, ლითონის ეკონომია დაისახეს მიზნად კონსტრუქტორებმა, თუ რამე უფრო ღრმა ჩანაფიქრი გააჩნდათ, მაგრამ სიახლემ ძრავის გაგრილების პრობლემა მხოლოდ გაამძაფრა: ცუდ გზებზე ჰაერმიმღებებში ბორბლებიდან ასხლეტილი მტვერი და ნაგავი უფრო დიდი რაოდენობით ხვდებოდა, ეს ყველაფერი ჭედავდა სავენტიალციო არხებს, ეკრობოდა ძრავის დაზეთილ ზედაპირს, რაც ძრავის კიდევ უფრო ძლიერ გახურებას იწვევდა.

zaz968a 5

ყველაზე მეტად "ყურების შეჭრისგან" ძველი მოდელების მფლობელები დაზარალდნენ: ეს მანქანის ყველაზე გამობზეკილი ნაწილი იყო, ამიტომ გვერდითი შეჯახებისას პირველ რიგში იჭეჭყებოდა. ერთი-ერთი "ყურის" დაზიანების შემთვევაში კი ორივე გამოსაცვლელი ხდებოდა, რადგან ძველი ტიპის ჰაერმიმღების შოვნა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. საბედნიეროდ, ყველა ეს პრობლემა წარმატებით მოგვარდა 1979 წელს 968М მოდიფიკაციის გამოშვების შემდეგ, სადაც ძრავის გაგრილების სქემა პრინციპიალურად შეცვალეს.

1979 წლამდე ქარხანა 968А -ს პარალელურად ზაზ-968 -ის გამოშვებასაც აგრძელებდა. ის მანქანის ბიუჯეტურ მოდიფიკაციად რჩებოდა, მოკლებული იყო "ტკბილი ცხოვრების" ზოგიერთ "ელემენტს", თუმცა ორკონტურიანი მუხრუჭები მასზეც დააყენეს.
ახალი მოდელის ბაზაზა ქარხანამ გააგრძელა ინვალიდებისთვის განკუთვნილი რამდენიმე მოდიფიკაციის გამოშვება და ზოგიერთ მათგანზე ძველი, 27 ცხ. ძ. ძრავი ყენდებოდა.

ზაზ 968 სერიის "ზაპოროჟეცი" წინამორბედთან შედარებით უფრო კომფორტული, უფრო უსაფრთხო გახდა, მაგრამ იმავე პერიოდში გამოშვებული სხვა ავტომობილების ფონზე მაინც "უღრანი ტყე" იყო. მით უმეტეს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ მოდელის გამოშვება უმნიშვნელო მოდიფიკაციებით 1994 წლამდე გაგრძელდებოდა.

 

 

© თბილისის ავტომუზეუმი. 2019

 

 

Pin It

Premium Downlaod Templatesby bigtheme.org

София Дървени дъски

София Иглолистен дървен материал

Online bookmaker Romenia bet365