Pin It

 მოსკვიჩი - 407 (Москвич 407; Moskvich 407)

 

 

ჩვენი ავტომუზეუმის ახალი ექსპონატი - მოსკვიჩ-407 (Москвич-407, Moskvitch-407)

1956 წლის აპრილში მოსკოვის მცირელიტრაჟიანი ავტომობილების ქარხანა ახალი მოდელის, "მოსკვიჩ-402" -ის გამოშვებას შეუდგა. თავისი წინამორბედისგან (მოსკვიჩ-400/401) განსხვავებით ეს უკვე აღარ იყო ერთი კონკრეტული უცხოური მანქანის ასლი.

მისი ძარა, რომელიც გორკის ქარხნის სპეციალისტების დახმარებით იყო შექმნილი, გაცილებით უფრო ფართო და კომფორტული იყო. სალონში გაჩნდა რადიომიმღები, ღუმელი, წინა მინის გამათბობელი. ამასთან ერთად, ახალ მოდელზე კვლავაც ძველ, ომამდელი კონსტრუქციის ქვედასარქველიან 1,2 ლ. ძრავას აყენებდნენ, რომლის სიმძლავრემ ცილინდრების დიამეტრის 67-და 72 მილიმეტრამდე გაზრდის ხართზე 26-დან 35 ცხ. ძ.-მდე აიწია. მანქანის კარგი დინამიკის მისაღწევად ეს სიმძლავრე მაინც არ იყო საკმარისი.

ცილინდრის დიამეტრის გაზრდის გამო გაიზარდა საწვავის მოხმარებაც: ქალაქგარე ტრასაზე ის 9 ლიტრს აღწევდა 100 კმ-ზე. 1956 წელს სუეცის არხის ირგვლივ გაჩაღებული ომის გამო ევროპაში მკვეთრად მოიმატა ბენზინის ფასმა, რაც ამცირებდა "მოსკვიჩის" კონკურენტუნარიანობას ევროპის ბაზარზე. გარდა ამისა, დაბალოქტანური ბენზინი ევროპაში აღარ იხმარებოდა, მაღალოქტანური კი ძველ ძრავაში ბოლომდე დაწვას უბრალოდ ვერ ასწრებდა.

50-იანი წლების განმავლობაში კონსტრუქტორები ზედასარქველიანი ძრავის რამდენიმე მოდელზე მუშაობდნენ, ინდექსებით 404, 405, 406. ყველაზე მეტად ქარხნის საწარმოო შესაძლებლობებს 407 მოდელი შეესაბამებოდა. ახალი ძრავის მოცულობა 1,4 ლიტრამდე გაიზარდა, სიმძლავრე 45 ცხ. ძ. შეადგენდა.

ერთ-ერთი ვერსიით, თავდაპირველად "მოსკვიჩის" ახალი მოდიფიკაციის გამოშვება ქარხანას დაგეგმილი არ ჰქონდა, ახალი ძრავის დაყენებას კი მხოლოდ საექსპორტოდ განკუთვნილ მანქანებზე აპირებდნენ. ამგვარი გადაწყვეტილება აზრს მოკლებული სულაც არ იყო: საბჭოთა კავშირში А72 მარკის ბენზინი გაცილებით ძვირი ღირდა, ვიდრე А66. მხოლოდ მას შემდეგ, რაც კონსტრუქტორებმა ბენზინის ხარჯი 100 კმ-ზე 6.5 ლიტრამდე დაიყვანეს, ახალი ძრავის ექსპლუატაცია რენტაბელური გახდა.

ახალი მოდელის წარდგენის შემდეგ სამთავრობო კომისიამ გადაწყვიტა, რომ საბჭოთა ადამიანები ევროპელებზე არანაკლებად იმსახურებდნენ თანამედროვე მანქანას. 1958 წლის მაისში ქარხანა ახალი ძრავით აღჭურვილი მოდელის წარმოებას შეუდგა, რომელმაც შესაბამისად 407 ინდექსი მიიღო.

თავდაპირველად ახალი მოდელი წინამორბედისგან ძრავის გარდა არაფრით განსხვავდებოდა. მისი იერსახის გასაახლებლად კონსტრუქტორებმა რამდენიმე უმნიშვნელო, მაგრამ ეფექტური ცვლილება შეიტანეს. ძარას გვერდებზე მოლდინგები დაემატა, ხოლო ძრავის ხუფის წინა ნაწილზე გაჩნდა წარწერა "Москвич".

ახალ ძრავასთან ერთად 407 მოდელის მყიდველებს მეტად არასასიამოვნო სიურპრიზიც ელოდათ: ახალი "მოსკვიჩის" ფასი 25 000 იმდროინდელ მანეთამდე ავარდა. ამავე დროს 402 მოდელი, რომელიც მხოლოდ 15 000 მანეთი ღირდა, წარმოებიდან იმთავითვე მოიხსნა. ამდენად, მყიდველს არჩევანის საშუალება მოუსპეს. ბევრი მათგანი, ვისაც მანქანის შეძენაზე რიგი უწევდა, ფასის მომატების გამო იძულებული იყო, საკუთარ ავტომობილზე საერთოდ უარი ეთქვა.

 

 

1959 წელს, პირველად საბჭოთა მსუბუქ მანქანებს შორის, მოსკვიჩ-407 -ზე ოთხსაფეხურიანი გადაცემათა კოლოფი დააყენეს, სამსაფეხურიანის ნაცვლად. ამან მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მაქანის დინამიკა, განსაკუთრებით რთულ გზებზე.

1961 წლის იანვრიდან განახლდა რადიატორის გისოსიც - ბურთით დამშვენებული ჰორიზონტალური ძელი ვერტიკალურ ნაპრალიანმა ბადემ შეცვალა. ცვლილება განიცადა უკანა ოპტიკამაც - სამსექციანი სანათები ორსექციანებით ჩაანაცვლეს.

შემცირდა დაწოლის ძალა სატერფულებზე, რაც განსაკუთრებით მძღოლი ქალებისთვის იყო მნიშვნელოვანი. ამ ცვლილებამ კიდევ უფრო აამაღლა მოდელის საექსპორტო პოტენციალი.

 

 

1962 წლის თებერვალს მანქანის ექსტერიერში ბოლო ცვლილება შეიტანეს - ბამპერებიდნ გაქრა "ეშვები". მოსკვიჩ-407 -ის გამოშვება 1963 წლის დეკემბრამდე გაგრძელდა, რის მერეც ის კონვეიერზე "გარდამავალმა მოდელმა" - მოსკვიჩ-403 -მა ჩაანაცვლა: მოსკვიჩ-407 -ის ძარასა და ძრავასთან ერთად აქ შემდგომი თაობის, 408 მოდელის ცალკეული აგრეგატები და კვანძები იხმარებოდა.

მოსკვიჩ-407-ის ბაზაზე უშვებდნენ მის შემდეგ მოდიფიკაციებს:
Москвич-423Н - უნივერსალი, 1958—1963 წლები.
Москвич-430 - სატვირთო უნივერსალი (ფურგონი), 1958—1963 წლები
Москвич-410Н - სედანი 4 წამყვანი ბორბლით, 1958—1961 წლები.
Москвич-411 - სედანი 4 წამყვანი ბორბლით Москвич-410Н -ის ბაზაზე, 1959—1961 წლები.
Москвич-407Б - სედანი ხელის მართვით, ინვალიდებისთვის.
Москвич-407Т - სედანი, ტაქსი.
Москвич-407М - სანიტარული ავტომობილი სამედიცინო პერსონალის გადასაყვანად.

სულ 1958-დან 1963 წლამდე ქარხანამ მოსკვიჩ-407 -ის 359 980 ეგზემპლიარი გამოუშვა.

 

 

© თბილისის ავტომუზეუმი. 2019

Pin It

Premium Downlaod Templatesby bigtheme.org

София Дървени дъски

София Иглолистен дървен материал

Online bookmaker Romenia bet365