Geo Flag2 EN Flag
Pin It

 

ფერფლიდან აღმსდგარი: Timbs Specal

 

ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს არაჩვეულებრივი როდსტერი შორეულ 1948 წელსაა აწყობილი, და რომ ის პრაქტიკულად ერთი ადამიანის მიერ არის შექმნილი. მისი ავტორი ამერიკელი ავტოინჟინერი ნორმან ტიმბსია.

გასული საუკუნის ორმოციან წლებში ამერიკაში კუსტარული ავტომობილების ბუმი აღინიშნებოდა. მცირე სახელოსნოები კლიენტების დაკვეთით სერიულ ავტომობილებს სახეს უცვლიდნენ, იყო ბევრი ისეთიც, ვინც არსებული შასის ბაზაზე საკუთარ კონსტრუქციას ქმნიდა - ჩვეულებრივ ისინი თავიანთ პროექტებში უკვე არსებულ საინჟინრო-ტექნიკურ გადაწყვეტილებებს იყენებდნენ. ნორმან ტიმბსმა სხვა გზა აირჩია - მის მიერ შექმნილი Timbs Special აღსავსეა ნოვატორული მიგნებებით.

საკუთარი ავტომობილის შექმნამდე ტიმბსი მუშაობდა სახელგანთქმულ სპორტულ მანქანებზე Blue Crown Specials, ასევე თანამშრომლობდა პრესტონ ტაკერთან მის 1948 წლის Torpedo-ზე მუშაობისას.

Timbs Special-ის ძარის ფორმა ბევრწილად ნაკარნახევი იყო 1937 წლის გერმანული Auto Union Typ C Stromlinie და Mercedes-Benz W25 Avus Stromlinie-ის დიზაინით. ნორმანმა უარი თქვა კლასიკურ ამერიკულ სტილზე ქრომირებული ბამპერებით, ძარას აეროდინამიური ფორმა ჰქონდა, კაბინა კარის გარეშე იყო. ძრავა უკან იყო განლაგებული და მასთან მისაღწევად მთელი უკანა ნაწილის აწევა იყო საჭირო, რაც ჰიდრავლიკური მექანიზმის მეშვეობით ხორციელდებოდა. მანქანის "კუდი" უჩვეულოდ გრძელი იყო, ძრავის უკან სათადარიგო საბურავი იყო განთავსებული. კაბინის გადახურვის არანაირი საშუალება გათვალისწინებული არ იყო.

timb01

მანქანა Buick Straight-8 ძრავაზე იყო აწყობილი, რომელიც გაორმაგებული კარბიურატორით იყო აღჭურვილი და 200 ცხ. ძ. სიმძლავრეს ავითარებდა. რადიატორი წინა ნაწილში იყო განლაგებული. Timbs Special-ის მაქსიმალური სიჩქარე, იმდროინდელი ჟურნალის, Motor Life -ის სტატიას თუ დავუჯერებთ, საათში 120 მილს (193 კმ/სთ) შეადგენდა. დიდი ზომის მიუხედავად, ავტომობილის წონა სულ რაღაც 1 ტონას შეადგენდა, რაც იმ დროისთვის წარმოუდგენელი მიღწევა იყო.

timb06

ძარა ალუმინისგან იყო შედუღებული, საჭირო ფორმა ხის კარკასის მეშვეობით იყო მიღწეული. ის ცნობილი ლოს-ანჟელოსელი ძარების ოსტატის, ემილ დიდტის მიერ იყო დამზადებული და 8000$ დაჯდა. ავტომობილზე მუშაობამ 2 წელიწადზე მეტი გასტანა.

timb02

1952 წელს Timbs Special შეიძინა საჰაერო ძალების კაპიტანმა, ჯიმ დევისმა, რომელმაც მანქანა ნათელ ფერებში გადაღება. შემდგომ წლებში ავტომობილმა კიდევ რამდენიმე მფლობელი გამოიცვალა, ის გამოჩნდა ტელესერიალში Buck Rogers, შემდეგ ამშვენებდა რესტორან Half Way Hous -ის შესასვლელს საუგუსში (კალიფორნია). მანქანის ისედაც სუსტ ალუმინის კორპუსზე მთელი დღის განმავლობაში დახტოდნენ ბავშვები. Timbs Special-მა გაიელვა ფილმში "Gone in 60 Seconds" ნიკოლას კეიჯის მონაწილეობით (2000 წ.), რის შემდეგაც კალიფორნიის უდბნოში, ღია ცის ქვეშ აღმოჩნდა.

timb03


2002 წელს სავალალო მდგომარეობაში მყოფი Timbs Special აუქციონზე 17200 დოლარდ შეიძინა კოლექციონერმა გერი ჩერვენიმ (Gary Cerveny). თავდაპირველად ის როდსტერის მსუბუქ რესტავრაციასა და გასასეირნებლად გამოყენებას გეგმავდა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ მის წინაშე მართლაც ფასეული საკოლექციო ეგზემპლიარი იყო. გერიმ რესტავრაციისთვის დეივ კროუზის (Dave Crouse) კუსტარული ავტომობილების მაღაზიას მიმართა.

timb04

რესტავრაციის პროცესი მეტად რთული აღმოჩნდა და რამდენიმე წელიწადს გასტანა. ერთ-ერთ წინა მფლობელს, როგორც ჩანს, ეზარებოდა ძარის წარა-მარა აწევა, ამიტომ მასში კვადრატული სარკმელი ამოჭრა. აწევის გასაადვილებლად ჰიდრავლიკურ სისტემასთან ერთად ელექტროძრავა დააყენეს. ასევე 6 ვოლტიანი კვების სისტემა 12 ვოლტიანით შეცვალეს. ამის გარდა რამე მნიშვნელოვანი ცვლილება რესტავრატორებს კონსტრუქციაში არ შეუტანიათ.

timb07

აღდგენა მხოლოდ ორიგინალური ნაწილების გამოყენებით ხდებოდა: მარტო ერთ-ერთი მანომეტრის ძებნა რესტავრატორებს სამი წელი მოუწიათ! ორიგინალური ფერისა და შეღებვის ტექნოლოგიის აღსადგენად ტიმბსის მიერ შვილისთვის დამზადებული კარტინგი გამოიყენეს, რომელიც ანალოგიური საღებავით იყო შეღებილი.

timb05

2010 წლის 14 მარტს ორიგინალური სახით აღდგენილი Timbs Special პირველად წარსდგა ამელის კუნძულზე გამართულ გამოფენაზე. მფლობელების თქმით, უჩვეულო ფორმისა და დიდი გაბარიტების მიუხედავად, მანქანა ადვილად იმართებოდა და კარგი მანევრირების უნარი გააჩნდა, თუმცა გრძელი "კუდის" გამო მისი ტარება ავტობუსის მართვას უფრო წააგავდა.

timb08

ვინ იფიქრებდა, რომ კიდევ უფრო დიდი უბედურება ამ მანქანისთვი წინ იყო. 2018 წლის ნოემბერში კალიფორნიაში მძვინვარე ტყის ხანძარმა მთლიანად გაანადგურა გერი ჩერვენის 76 უნიკალური ავტომობილისგან შემდგარი კოლექცია, მათ შორის Norman Timbs Special.

ამას წინათ კი ქსელში დამაიმედებელი ცნობები გამოჩნდა - გერი ჩერვენი მეორედ აპირებს ამ უნიკალური ავტომობილისა და კოლექციის კიდევ სამი ექსპონატის რესტავრაციას. მისი თქმით, Timbs Special -ის ალუმინის კორპუსი მთლიანად გალღვა, მაგრამ ჩარჩო საკმაოდ კარგ მდგომარეობაში იყო შენარჩუნებული.

კალიფორნიაში  დატრიალებული სტიქიური უბედურების დროს მეხანძრეები მუშაობას ვერ აუდიოდნენ და მხოლოდ იმ შემთხვევებზე ახდენდნენ რეაგირებას, სადაც ადამიანის სიცოცხლეს ემუქრებოდა საფრთხე. ჩერვენის სახლში იმ დროს არავინ იმყოფებოდა, ამიტომაც მისი ჩაქრობა არც კი უცდიათ. შესაძლოა, სწორედ ამან გადაარჩინა ავტომობილის ჩარჩო განადგურებას - წყლის შესხმის შემთხვევაში ის შეიძლებოდა მთლიანად ჩაშლილიყო.

 

 


© თბილისის ავტომუზეუმი. 2019

 

Pin It

Premium Downlaod Templatesby bigtheme.org

София Дървени дъски

София Иглолистен дървен материал

Online bookmaker Romenia bet365