Fastination: მომხიბვლელობის მივიწყებული საიდუმლო
ეს უჩვეულო ფორმის მანქანა, რომელსაც სახელად Fascination დაერქვა, ამერიკელი დიზაინერის, პოლ ლუისის (Paul M. Lewis) მიერ იყო შექმნილი. თავისი პირველი მანქანის, Airomobile Experimental Sedan -ის შექმნის მცდელობა ლუისს ჯერ კიდევ 1937 წელს ჰქონდა, თუმცა პროექტი მარცხით დასრულდა.
მეორე მცდელობა გამოგონებელმა უკვე 60-იან წლებში წამოიწყო. 1962 წელს მან დაარსა კომპანია Highway Aircraft Corporation და ფუტურისტული ავტომობილის დაპროექტებას შეუდგა. ზოგიერთი მონაცემებით, ლუისი თავდაპირველად ედვინ გრეის მიერ გამოგონებულ ე. წ. "ცივ ელექტროენერგიაზე" მომუშავე ძრავის გამოყენებას აპირებდა. ამ წამოწყების წარმატების შემთხვევაში საავტომობილო მრეწველობას რევოლუცია ელოდა, რომლის შედეგადაც შიდაწვის ძრავა საბოლოოდ ჩაბარდებოდა წარსულს. სამწუხაროდ, ლუისის მოლაპარაკებები გრეითან წარუმატებლად დასრულდა.
გრეის ძრავის მუშაობის პრინციპების შესახებ დღეს თითქმის არაფერია ცნობილი. 1974 წელს მთელი დოკუმენტაცია და პროტოტიპები პროკურატურის მიერ იყო იყო ჩამორთმეული, თავად გამომგონებელი კი 1989 წელს დაიღუპა გაურკვეველ გარემოებებში.
Fascination-ის პირველ პროტოტიპს უკან განლაგებული პროპელერი ამოძრავებდა, მაგრამ მისი გამოცდა მარცხით დასრულდა. ლუისი იძულებული იყო კვლავ ტრადიციულ სქემას დაბრუნებოდა - მანქანას Volkswagen-ის ძრავა მოარგეს. წინა ბორბალი ორმაგი გახადეს, რაც ზრდიდა მდგრადობას. ავტომობილს ადგილზევე შეეძლო 180 გრადუსით მოტრიალება, რაც შეუცვლელს ხდიდა მას ქალაქის პირობებში მოძრაობისთვის. პირველი ეგზემპლიარი ოქროსფრად და შავად იყო შეღებილი.
შემდგომ სამ ეგზემპლიარზე (წითელ-თეთრი ფერების) საფრანგეთიდან იმპორტირებული Renault ძრავები ყენდებოდა. მესამე ავტომობილი თითქმის აწყობილი იყო, როდესაც აქციონერებმა ლუისის წინააღმდეგ იყარეს კენჭი. მეოთხე ეგზემპლიარი დაუსრულებელი დარჩა.
გარდა ამისა, დაიწყო მეხუთე ეგზემპლიარის აწყობა, რომელშიც Oldsmobile Toronado -ს გადაცემათა კოლოფი, Chevrolet V-6 ძრავა და Gullwing -ის კარები იხმარებოდა. ეს მანქანა ასევე ვერ დაასრულეს.
დღეს ხუთიდან სამ შემორჩენილ Fascination-ს კოლექციონერები კეიტ და ეილენ კარპენტერები ფლობენ - პირველ, მეორე და მეხუთე ეგზემპლიარებს. მანქანები რეგულარულად დემონსტრირდება სხვადასხვა გამოფენებზე. მფლობელთა თქმით, ქუჩაში ისინი ამ მანქანებით არასოდეს გადიან, რადგან მათი გამოჩენა იმთავითვე აყალ-მაყალსა და მოძრაობის შეფერხებას იწვევს.
© თბილისის ავტომუზეუმი. 2019