Geo Flag2 EN Flag
Pin It

 

ლეგენდა მკვლელი შავი "ვოლგის" შესახებ

საბჭოთა პერიოდის ქალაქური ლეგენდები კულტურის განასკუთრებული, ჯერ კიდევ მეტწილად შეუსწავლელი ფენომენია. ამ "თანამედროვე მითების" დაბადებას პირველ რიგში სანდო ინფორმაციის ნაკლებობა უწყობდა ხელს. მაგალითად, არა მარტო მოზარდებს - ბევრ ზრდასრულსაც სერიოზულად სჯეროდა, თითქოსდა არსებობს რაღაც საიდუმლო "წითელი ფოტოფირი", რომელზეც ყველა ადამიანი ტანსაცმლის გარეშე აღიბეჭდებოდა, ან რომ გამხმარი კოღოების ერთ კილოგრამში სოლიდური ფულადი პრემიის მიღება შეიძლებოდა. როგორც წესი, ამგვარი ისტორიების გავრცელების პიკი ზაფხულს ემთხვეოდა, როდესაც რამდენიმე მილიონი ბავშვი არდადაგებზე პიონერბანაკებში იყრიდა თავს.

ერთ-ერთი ასეთი ლეგენდის თანახმად, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში დადიოდა რაღაც შავი "ვოლგა", თანაც იმდენად დამუქებული მინებით, რომ მძღოლის სახის დანახვა შეუძლებელი იყო. იდუმალი მანქანის ნომრის სერია ССД იყო, რაც იშიფრებოდა როგორც "სიკვდილი საბჭოთა ბავშვებს" ("Смерть Советским детям"). ყველგან, სადაც კი არ ჩაივლიდა ეს შავი ავტომობილი, უკვალოდ ქრებოდნენ ბავშვები. ქალაქში ამ შავი "ვოლგის" გამოჩენისთანავე მშობლები თავიანთ ბავშვებს სახლებში მალავდნენ ხოლმე.

SSD1

როგორც ჩანს, ამ თითქოსდა სრულიად აბსურდულ ლეგენდაში გამოაშკარავდა მოსახლეობაში დაბუდებული კოლექტიური შიში ოცდაათი-ორმოციანი წლების რეპრესიების წინაშე, როდესაც შავი ფერის მაქანის სახლთან გაჩერება უმეტეს შემთხვევაში ერთ-ერთი ბინადრის დაპატიმრების მომასწავებელი იყო. კერძო მფლობელობაში ავტომობილები მაშინ ერთეულებს ჰყავდათ, შავი ფერის "ემკებით" კი მეტწილად ჩეკისტები გადაადგილდებოდნენ.

m1

მოგვიანებითაც, სამოც-სამოცდაათიან წლებში შავი ფერის ავტომობილები მოსახლეობაზე თითქმის არ იყიდებოდა. მათი ყოლა მთავრობისა და უშიშროების სამსახურის თანამშრომელთა პრივილეგია იყო. უშიშროების სამსახურისთვის ამზადებდნენ "ვოლგებს" გაძლიერებული ძრავით (ГАЗ-23, ГАЗ-2424, ГАЗ-2425), რომლებსაც მეტწილად შავად ღებავდნენ.

GAZ 23

გამონაკლისის სახით შავი ფერის "ვოლგის" შეძენის უფლებას ცალკეულ გამოჩენილ ადამიანებს აძლევდნენ. ამრიგად, შავი "ვოლგა" საბჭოთა ქვეყნის რიგით მკვიდრში იმავდროულად როგორც შიშის, ასევე შურის გრძნობასაც ბადებდა. მართალია, მასობრივი რეპრესიები წარსულს იყო ჩაბარებული, მაგრამ ინსტიქტის დონეზე უბრალო ადამიანს მაინც შემორჩა შეგრძნება, რომ შავ მანქანასთან შეხვედრა მას კარგს არაფერს უქადდა.

ლეგენდის ზოგიერთ ვერსიაში "ვოლგის" მაგივრად შავი ავტობუსი ფიგურირებდა, რომლის ფანჯრები ფარდებით იყო დაფარული, მძღოლს ცხენის თავი ჰქონდა, მგზავრები კი საერთოდ უთავოები იყვნენ. ამავე დროს, სხვა ლეგენდის მიხედვით, ცხენისთავიანი კაცი აქეთ ხდებოდა უშიშროების სამსახურის მსხვერპლი.

 ZIL158

ლეგენდა შავი მანქანის შესახებ სოციალისტური ბანაკის სხვა ქვეყნებშიც იყო გავრცელებული, ყველაზე მეტად პოლონეთში. მანქანის მფლობელები აქ სხვადასხვა რელიგიური კონცესიის წარმომადგენლები, ან სულაც ვამპირები იყვნენ, ბავშვებს კი თითქოსდა ორგანოების ამოცლის მიზნით იტაცებდნენ.

საინტერესოა, რომ ლეგენდა შავი ავტომობილის შესახებ ხელახლა XX საუკუნის ბოლოს გავრცელდა - "ვოლგის" ადგილი აქ უფრო პრესტიჟულმა "მერსედესმა" და BMW-მ დაიკავეს, რომელთა სარკეები რქებს წააგავდა. ვითომდა მძღოლი გამვლელს საათს ეკითხებოდა და შემდეგ კლავდა.

ლეგენდა "შავი ვოლგის" შესახებ საფუძვლად დაედო რამდენიმე მხატვრული ფილმის სიუჟეტს, რომელთაგან ყველაზე გახმაურებული 2009 წელს გადაღებული თიმურ ბიკმამბეტოვის "შავი ელვაა". ამ ფილმში მფრინავი შავი "ვოლგა", პირიქით, დადებითი "გმირად" გვევლინება.

© თბილისის ავტომუზეუმი. 2019

 

Pin It

Premium Downlaod Templatesby bigtheme.org

София Дървени дъски

София Иглолистен дървен материал

Online bookmaker Romenia bet365