Geo Flag2 EN Flag
Pin It

 

"სტარტი" - მიკროავტობუსი კინოკომედიიდან "კავკასიელი ტყვექალი"

 

ეკრანებზე 1967 წელს გამოსულ კინოკომედიაში, "კავკასიურ ტყვექალში" მაყურებელმა სამი ეგზოტიკური ავტომობილი იხილა: "ზის-55"-ის მსგავსი კუსტარულად აწყობილი სანიტარული მანქანა, ოცდაათიან წლებში გამოშვებული გერმანული კაბრიოლეტი Adler Trumpf, და გარდა ამისა, მეტად უჩვეულო დიზაინის მქონე მოკროავტობუსი, რომელიც ფილმის ბოლო კადრებში ჩნდება. ამ მანქანის წარმომავლობამ ავტომოყვარულთა შორის ცხარე კამათი გამოიწვია: ზოგიერთი მას უცნობ უცხოურ მანქანად მიიჩნევდა, ზოგიც თვითნაკეთ კონსტრუქციად - ამგვარ მიკროავტობუსს არც ერთი მსხვილი ავტოსაწარმო არ უშვებდა.

start02

სინამდვილეში ეს იყო უკრაინაში, ქალაქ სევეროდენეცკში შექმნილი მიკროავტობუსი "სტარტი". მისი დაბადება ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად გახდა შესაძლებელი. ხრუშჩოვის ინიციატივით სამინისტროების უფლებამოსილების უდიდესი ნაწილი რეგიონებში შექმნილ ე. წ. "სოვნარხოზებს" გადაეცა. მთლიანობაში რეფორმები სრული მარცხით დასრულდა და ხრუშჩოვის გადაყენების შემდეგ ყოველივე ამას "ვოლუნტარიზმი" უწოდეს, თუმცა მთლად ფუჭად მათ მაინც არ ჩაუვლიათ.

სამოციანი წლების დასაწყისში ქ. ლუგანსკის ავტოსატრანსპორტო "სოვნარხოზს" მეტად ენერგიული ადამიანი - ა. ანტონოვი ხელმძღვანელობდა. მისი ინიციატივით ქ. სევეროდონეცკის ავტოსარემონტო ბაზაში ჯერ მისაბმელი "ავტოაგარაკი" ააწყეს, შემდეგ კი საკუთარი მიკროავტობუსის გამოშვებაზეც დაფიქრდნენ. ამგვარი ინიციატივის წარმოჩენა მხოლოდ ამ ხანმოკლე პერიოდში იყო შესაძლებელი - არც წინა, არც შემდგომ წლებში მსგავსი "თვითნებობა" წარმოუდგენელი იყო.

start01

"ავტოაგარაკის" ძარა მინაპლასტიკისგან მზადდებოდა, მიკროავტობუსის აწყობაც იგივე მასალის გამოყენებით გადაწყდა. მინაპლასტიკი მეტად პერესპექტიული მასალა ჩანდა - მსუბუქი, იაფი, არ ეშინოდა კოროზიის, არ დეფორმირდებოდა მსუბუქი დარტყმისგან. სამწუხაროდ, მას არანაკლები უარყოფითი მხარეც აღმოაჩნდა, უპირველეს ყოვლისა - ძარის წარმოების დიდი შრომატევადობა, რის გამოც მას ძირითადად მანქანების მცირესერიულ წარმოებისას იყენებდნენ. უნდა ითქვას, რომ "სტარტის" ძარა მხოლოდ მინაპლასტიკისგან დამზადებული არ ყოფილა - კონსტრუქციაში როგორც მეტალის, ასევე ხის ელემენტები იხმარებოდა.

start05

ძარის დიზაინი მხატვარმა იური ანდროსმა შექმნა. მის ნამუშევარში ყველაზე მეტად 50-იანი წლების ამერიკული დიზაინის - ე. წ. "დეტროიტის ბაროკოს" მოტივები იგრძნობა. მსგავსი მოდელებიდან შეიძლება Chevrolet Corvair Greenbrier გავიხსენოთ, თუმცა მსგავსება არც ისე დიდი იყო - სევეროდონეცკელების დიზაინი უფრო ფუტურისტულად გამოიყურებოდა: მოზრდილი "ფარფლები" 50-იანების Chevrolet Impala-ს სტილში ძარას აეროდინამიულ იერს სძენდა. საბარგული ძარისგან გამოყოფილი იყო, რაც იშვიათია ამ კლასის მანქანებისთვის. მიკროავტობუსის ტურისტული ვარიანტი საბარგულში ხელსაბანის განთავსებას ითვალისწინებდა, ხოლო სალონში სამი დივანი და ჭურჭლის კარადა იყო განლაგებული.

start03

მიკროავტობუსი "ვოლგა" გაზ-21-ის შასის ბაზაზე ააწყეს, მისივე ძრავის გამოყენებით. პრაქტიკულად უცვლელი შასის ვაგონურ სქემაში ჩასაწერად ძრავა შიგ სალონში განათავსეს და მაგიდასავით გააფორმეს. ფარები და განათების სხვა ხელასაწყოები, შიდა და გარე ინტერიერის ცალკეული ელემენტები ასევე "ვოლგიდან" იყო გადმოტანილი. წინა და უკანა მინები ე. წ. "ბუხანკიდან" - უაზ-450-დან "ითხოვეს". "ვოლგის" 75 ცხენის ძალიანი ძრავით მიკროავტობუსი საათში 110 კმ-ს ანვითარებდა.

"სტარტის" პირველი სრულყოფილი პროტოტიპი 1963 წლის ნოემბრისთვის, მაკეტის შექმნიდან სულ რაღაც თვენახევარში ააწყეს. ახალი მანქანა იმთავითვე თავისი სვლით მოსკოვს ჩაიყვანეს, სადაც დარგობრივი კოლეგიის სხდომაზე წარადგინეს. სულ რაღაც ერთ კვირაში "სტარტმა" ნამდვილი ფურორი მოახდინა: ის აჩვენეს ტელევიზიით, მის შესახებ წერდნენ გაზეთები, 1963 წლის დეკემბერში მიკროავტობუსი სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე წარსდგა, სადაც პირადად ნიკიტა ხრუშჩოვის მოწონება დაიმსახურა.

start08

სევეროდონეცკის ქარხანას "ვოლგის" დეტალების 50 კომპლექტი გადაეცა მიკროავტობუსების პირველი პარტიის ასაწყობად. ერთ-ერთი სერიული "სტარტი" უკრაინის პარტიის ცკ-ს პირველ მდივანს, პიოტრ შელესტს აჩუქეს, რის მერეც მისი მხარდაჭერით დაიწყო ამ მიკროავტობუსების დანერგვა უკრაინის ტერიტორიაზე.

სამწუხაროდ, ზეიმი მალევე დასრულდა: 1964 წლის ბოლოს ხრუშჩოვი გადააყენეს, სახელმწიფოს სათავეში ლეონიდ ბრეჟნევი ჩაუდგა, ერთ წელიწადში კი "სოვნარხოზების" იდეას სამუდამოდ გადაესვა ხაზი. "სტარტის" პროექტის სულისჩამდგმელი - ა. ანტონოვი სხვა თანამდებობაზე დანიშნეს, ახალი ავტოკომპლექტების მიწოდებაზე კი საუბარიც აღარ იყო.

1965 წლის შემოდგომაზე ორი "სტარტი" მოსკოვში პოლიგონზე გამოსაცდელად გააგზავნეს, შემდეგ კი ისინი სამარშრუტო ტაქსებად ამუშავეს, რათა რეალური ექსპლუატაციის პირობებში გამოეცადათ. გამოცდის შედეგები არასახარბიელო იყო - "სტარტი" თითქმის ყველა პარამეტრით ჩამოუვარდებოდა რიგაში წარმოებულ "რაფებს", რომელთა მინიმალისტური ძარა უფრო მყარი და ტექნოლოგიური გამოდგა.

start06

"სტარტს" კარის სახელურები ხშირი გაღებისას საერთოდ ძვრებოდა, რაც მანქანის სამარშრუტო ტაქსად გამოყენებას გამორიცხავდა. სამართავად მანქანა მეტად მოუხერხებელი გამოდგა - სუსტი დინამიკა, მართვის ელემენტების სრულიად მოუფიქრებელი განლაგება, ცუდი მდგრადობა მოსახვევებში, უკანა სვლით გადაადგილების სირთულე ვეებერთელა საბარგულის გამო... ამ ყველაფერთან ერთად შესასყიდი ფასი თავისი დროის კვალობაზე არარეალურად მაღალი იყო - 9500 მანეთი, მაშინ როდესაც "რაფების" ფასი სახელმწიფო დაწესებულებებისთვის 5600 მანეთს შეადგენდა. მოკლედ რომ ვთქვათ, "სტარტი" ლამაზი და გამოუსადეგარი სათამაშო აღმოჩნდა.

გორკის ქარხნიდან მოწოდებული ავტოკომპლექტების ამოწურვის შემდეგ სევეროდონეცკის საწარმო "სტარტებს" დაკვეთით აწყობდა ჩამოწერილი ავტომანქანების, უმეტესად ტაქსების ნაწილებისგან. საერთო ჯამში საწარმომ 100-მდე მიკროავტობუსი ააწყო.

start07

შემდგომში ამგვარი მიკროავტობუსის გამოშვება ლუგანსკის ავტოსაამწყობო ქარხანაში სცადეს, ЛАСЗ მარკით. ამ მანქანებზე "ზიმების" აგრეგატებსაც აყენებდნენ, რის გამოც სვლა უფრო რბილი გახდა. იყო მცირე განსხვავება ძარის დიზაინშიც, ხოლო წარწერა "სტარტი" ლუგანსკის ქარხნის ემბლემამ შეცვალა. სულ ქარხანამ 20 მიკროავტობუსის აწყობა მოასწრო. კიდევ 10 ეგზემპლიარი დონეცკის ქარხანაში ააწყეს "დონბასის" მარკით.

start04

საერთო ჯამში სხვადასხვა ადგილზე აწყობილი მიკროავტობუსების რაოდენობა 130-ს არ აღემატება. ვიღას ეხსომებოდა დღეს ეს რარიტეტი, რომ არა "კავკასიური ტყვექალის"  ფინალი. "სტარტი" სულ რამდენიმე წამის განმავლობაში გაიელვა ეკრანზე, მაგრამ ლეგენდად იქცა მაყურებელთა რამდენიმე თაობისთვის.

დღეისთვის "სტარტის" მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლიარი არის შემორჩენილი, მათ შორის ერთი-ერთი სომხეთში გადიოდა რესტავრაციას, მეორე კი აზერბაიჯანში. სამწუხაროდ, საქართველოს ტერიტორიაზე ამ უიშვიათესი მიკროავტობუსის არსებობის შესახებ ვერანაირი ინფორმაცია ვერ მოვიძიეთ.

 

© თბილისის ავტომუზეუმი. 2019

 

Pin It

Premium Downlaod Templatesby bigtheme.org

София Дървени дъски

София Иглолистен дървен материал

Online bookmaker Romenia bet365