Geo Flag2 EN Flag
Pin It

 "სახალხო პორშე"

ჩვეულებრივ, Porshe -ს მარკა მყარად ასოცირდება 911 სერიის სპორტულ მანქანებთან, რომელთა ღირებულება 90-დან 200 ათასამდე აშშ დოლარს აღწევს. ამავე დროს, 911 სერიას კომპანიისთვის დიდი შემოსავალი არასდროს მოუტანია, ხშირად ფირმა ზარალშიც კი რჩებოდა. ამიტომ ჯერ კიდევ 1969 წელს Porshe -მ Volkswagen - ერთად "სახალხო სპორტკარის" შექმნის პირველი მცდელობა გააკეთა. ამ თანამშრომლობის შედეგად შექმნილი კუპე-ტარგა Porsche 914 თავდაპირველად "ფოლკსვაგენის" ძრავაზე იყო აწყობილი, თანაც საწარმოო ხარჯების შემცირების მიზნით მას "ფოლკსვაგენის" ქარხნებში აწყობდნენ. Porsche-ს მარკის თაყვანისმცემლები არ სცნობდნენ ამ ავტომობილს "ჭეშმარიტ პორშედ", გაყიდვებიც მოლოდინს არ ამართლებდა. 1970 წელს გამოშვებული 914-6 მოდელი უკვე Porsche-ს ძრავით გაზრდილი ფასის გამო კიდევ უფრო ნაკლები პოპულარობით სარგებლობდა.

porsh924 01

1975 წელს შტუტგარტის ავტოსალონზე წარმოადგინეს სრულიად ახალი მოდელი - Porsche 924, რომელიც სალონის სენსაციად იქცა. ეს იყო Porsche-ს ისტორიაში პირველი სპორტულ კუპე ძრავის წინა განლაგებითა და წყლის გაგრილებით. ავტომობილი "ნულიდან" იყო შექმნილი. თავდაპირველად მოდელი "პორშესა" და "ფოლკსვაგენის" ერთობლივი პროექტი იყო, მაგრამ 70-იანი წლების ენერგეტიკული კრიზისის გამო VW-მა პროექტზე უარი განაცხადა. საქმეში კომპანია AUDI ჩაერთო. ეკონომიის მიზნით 924 მოდელზე AUDI-ის ძრავა დააყენეს (უფრო ზუსტად, ეს იყო VW-ის მოდელ LT-ს ძრავა). AUDI-გან იყო გადმოტანილი ბევრი სხვადასხვა კვანძი, მექნიზმი და სალონის ელემენტებიც კი. აწყობა ასევე AUDI-ის საწარმოებში ხორციელდებოდა - "პორშე" იმ პერიოდში დიდი ფინანსური სიძნელეების წინაშე იყო.

Porsche 924 -ს სავალი ნაწილი წინაძრავიანი ავტომობილებისთვის არატრადიციული Transaxle სქემით იყო აწყობილი. ამგვარ სქემას 50-იან წლებში "ფორმულა1"-ის ბოლიდებზე იყენებდნენ: წინ განლაგებული ძრავიდან ბრუნვა უკან განლაგებულ სიჩქარეთა კოლოფს გადაეცემოდა, რომელიც დიფერენციალთან იყო გაერთიანებული.
Porsche 924 სიჩქარეთა გადართვის 3 ტიპის კოლოფით გამოდიოდა: 3 საფეხურიანი ავტომატურით, ასევე 4 და 5 საფეხურიანი ხელის სისტემით. ავტომატური ტრანსმისია ექსტრემალური ტარებისთვის ნაკლებად იყო გამოსადეგი, ამიტომ ყველაზე მეტი პოპულარობით 5 საფეხურიანი ხელის სისტემა სარგებლობდა.

porsh924 02

არც თუ ისე ძლიერი (125 ცხ. ძ.) "არამშობლიური" ძრავის მიუხედავად, მოდელს კარგი დინამიური მახასითებლები გააჩნდა: მაქსმალური სიჩქარე 204 კმ/სთ-ს აღწევდა, ხოლო 100 კმ/სთ სიჩქარეს მანქანა 9,6 წამში აღწევდა. მართვადობის მხრივ Porsche 924 თავის კლასში ერთ-ერთ საუკეთესო მანქანად ითვლებოდა.

1976 წლიდან 924 მოდელი მასობრივი წარმოება დიაწყო. Porsche-ს კონსერვატულმა დამფასებლებმა არც ეს მოდელი აღიარეს "ნამდვილ" Porsche-დ, რა თქმა უნდა (და სრულიად სამართლიანად, უნდა ითქვას). 924 მოდელი სრულიად არ გავდა "ნამდვილ" Porsche-ს თავისი ფასითაც - ის სულ რაღაც 10000$ ღირდა!

პურისტი თაყვანისმცემლების კრიტიკის მიუხედავად, ლეგენდარული მარკის სპორტკარის ასეთ ფასად შეძენის ცდუნებამ ბევრს წასძლია. 924 მოდელმა ფირმისთვის გაყიდვათა აქამდე არნახული ზრდა აჩვენა: 1976 წელს 5145 მანქანა გაიყიდა, 1977 -ში კი უკვე 25596.

1979 წელს Porsche-მ გაუმჯობესებული მოდელი - 924 Turbo გამოუშვა, 170 ძალიანი ძრავით, გაუმჯობესებული დისკოს მუხრუჭებით და მრავალი სხვა გაუმჯობესებით. მაქსმალურმა სიჩქარემ 225 კმ/სთ-ს მიაღწია, ხოლო 100 კმ/სთ მიღწევის დრომ - 7,8 წამს. ამ მოდელს 1983 წლამდე უშვებდნენ.

porsh924 04

ამავე წელს შეზღუდული რაოდენობით 924 Turbo-ს ექსტრემალური ვერსია გამოვიდა, რომელიც ძრავის სიმძლავრით (210 ცხ. ძ.) 911 სერიის მოდელებს სულ ცოტათი ჩამოუვარდებოდა.

1981 წელს შეწყდა 125 ცხ. ძ. ძრავიანი მოდიფიკაციის წარმოება.

924 მოდელის პარალელურად ქარხანამ 1982 წელს უფრო სრულყოფილი (და შესაბამისად უფრო ძვირადღირებული) 944 მოდელის წარმოება დაიწყო. ამ მოდელზე დანერგილმა ბევრმა სიახლემ თანდათან 924 მოდელზეც გადმოინაცვლა.

1982 წელს დაიწყო 924S მოდიფიკაციის წარმოება, 944 მოდელის ანალოგიური 150 ცხ. ძ. ძრავით.

porsh924 03

1985 წელს 924 მოდელის სერიული წარმოება შეწყდა, მას შემდეგ ფირმა მხოლოდ სპეციალური დაკვეთით უშვებდა გაუმჯობესებულ მოდელს 924S.

1988 წელს "პორშემ" 924 მოდელის წარმოება მთლიანად შეწყვიტა. სულ, ყველა მოდიფიკაციის ჩათვლით, Porsche 924-ის 155 000 ეგზემპლიარზე მეტია გამოშვებული.

დღეს Porsche 924-ის შეძენით ძირითადად კოლექციონერები და რარიტეტული მანქანების მოყვარულები არიან დაინტერესებულნი, თუმცა მას ხშირად სპორტული მანქანების ენთუზიასტებიც ყიდულობენ - ვისაც ძვირადღირებული მოდელებისთვის თანხები არ გააჩნია.
Porsche 924 -ის ყველაზე ბიუჯეტური მოდიფიკაციათა ღირებულება ბაზარზე 3000-დან 10000-მდე აშშ დოლარს აღწევს, 924S მოდელების ღირებულება 10000$ აღემატება, ხოლო ექსტრემალური TURBO მოდიფიკაციის ფასი ხშირად 911 სერიის მოდელთა ღირებულებას უახლოვდება.

 

© თბილისის ავტომუზეუმი. 2019

 

Pin It

Premium Downlaod Templatesby bigtheme.org

София Дървени дъски

София Иглолистен дървен материал

Online bookmaker Romenia bet365