Geo Flag2 EN Flag
Pin It

 

პიკაპის ბედი საბჭოთა კავშირში.

 

პარადოქსალურია, მაგრამ ავტომანქანის ამ ყველაზე "მუშურ-გლეხურმა" ტიპმა სწორედ ყველაზე მუშურ-გლეხურ ქვეყანაში - საბჭოთა კავშირში ვერ დაიმკვიდრა სათანადო ადგილი. სატვირთო ავტომობილების რაოდენობით საბჭოთა კავშირი მსოფლიოს ყველა ქვეყანას უსწრებდა, თუმცა ამ მანქანების კერძო საკუთრებაში ქონება აკრძალული იყო. აკრძალვა ვრცელდებოდა ასევე ყველა იმ მანქანაზეც, რომლითაც ორ ჩემოდანზე მეტი ტვირთის გადაზიდვა იყო შესაძლებელი - ფურგონებზე, უნივერსალებზე, და თავისთავად - პიკაპებზეც.

მეორეს მხრივ, მსუბუქი სატვირთო ტრანსპორტი როგორც სახალხო მეურნეობას, ასევე წითელ არმიას ჰაერივით ესაჭიროებოდა. სამთავრობო დონეზეც პიკაპი არავის აუკრძალავს. მეტიც, 1938 წელს გორკის ქარხნის უფრო გვიანდელი მოდელის, М-415 -ის დათვალიერებისას სტალინმა პიკაპს "კოლმეურნეობისთვის შეუცვლელი მანქანა" უწოდა, და რა თქმა უნდა, ეს ფრაზა არაერთხელ იქნა ციტირებული სხვადასხვა წყაროებში.

gaz m415

ამდენად, საბჭოთა პიკაპების წარუმატებლობის მიზეზი იმაში უნდა ვეძიოთ, რომ მათი უპირატესობანი 30-იანი წლების რეალობაში ვერაფერში გამოვლინდა. "საცობები" იმ დროს საერთოდ არ არსებობდა, პარკირებისტვისაც ადგილი საჭიროზე მეტი იყო. გორკის ქარხნის როგორც სატვირთო, ასევე მსუბუქი მანქანები ერთსა და იმავე ძრავის ბაზაზე იწყობოდნენ, ამდენად საწვავის ეკონომიის მხრივ სატვირთო მანქანების ექსპლუატაცია უფრო მომგებიანიც კი იყო პიკაპთან შედარებით. მართვის მოწმობის კატეგორიებად დაყოფა იმხანად ჯერ არ იყო შემოღებული, ამდენად სატვირთო მანაქანის მართვას სპეციალური გამოცდის ჩაბარება არ სჭირდებოდა.

FORD-A-ს ბაზაზე აწყობილ მსუბუქ (ГАЗ-А) და სატვირთო (ГАЗ-АА) მანქანებთან ერთად, გორკის ავტოქარხანამ მიიღო დავალება მცირე სატვირთო ავტომანქანის წსრმოებაზე. პირველ რიგში ავტომობილი კოლმეურნეობებისთვის, კომუნალური სამსახურებისთვის, ფოსტისთვის და რაღა თქმა უნდა, სამხედრო მიზნებისთვისაც უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. ძალიან მოკლე ვადებში - 1933 წლისთვის ქარხანამ მოახერხა პირველი საბჭოთა პიკაპის - ГАЗ-4 -ის გამოშვება.

gaz4

თავდაპირველად პიკაპები ამერიკის შეერთებულ შტატებში გავრცელდა, XX საუკუნის მეორე ათწლეულში, როგორც მსუბუქი ავტომანქანის მინი-სატვირთოდ გადაკეთების იაფფასიანი საშუალება. მანქანას აჭრიდნენ კაბინის უკანა ნახევარს, და გამონთავისეფლებულ ფართს ტვირთის გადასაზიდად იყენებდნენ. თავიდან ამგვარ "ნახევარმანქანებს" ავტოსაწარმოები შიდა მოხმარებისთვის აწყობდნენ და ქარხნის ტერიტორიაზე მსუბუქი ტვირთის გადასაზიდად იყენებდნენ. შემდგომში პიკაპები მასობრივ წარმოებაში ჩაეშვა, და პოპულარობა მეტწილად ამერიკელ ფერმერთა შორის მოიპოვეს. დაბალი ძირი მნიშვნელოვნად აადვილებდა მძიმე ტვირთის გადატანას, იზოლირებული კაბინა კი კომფორტს თითქმის მსუბუქი ავტომანქანის დონეზე უზრუნველყოფდა. იმთავითვე გამოვლინდა ამ ტიპის მანქანათა ძირითადი ნაკლოვანებებიც - ტვირთის დაუცველობა, დიდ დატვირთვაზე გათვლილი ხისტი უკანა ამორტიზატორები, თანაც იმდროინდელი პიკაპები კაბინაში ორ ადამიანზე მეტს ვერ იტევდა.

ევროპაში პიკაპები ნაკლებად გავრცელდა, თუმცა მათ აქაც არაერთი საავტომობილო ფირმა უშვებდა, განსაკუთრებით საფრანგეთში, იტალიაში, ჩეხეთში... პირველი მსოფლიო ომის პერიოდში პიკაპებს ხშირად იყენებდნენ სამხედრო მიზნებისთვისაც. ГАЗ-4 -ის გარდა, საბჭოთა კავშირის არსებობის მანძილზე სერიულად მხოლოდ ორი პიკაპი იყო გამოშვებული: უკვე ნახსენები ГАЗ М-415 (1939 - 1941), და მოგვიანებით, 1974 - 1982 წლებში - Иж-27151 (ე. წ. "ბუდკა-მოსკვიჩის" ერთ-ერთი მოდიფიკაცია).

izh pickup

პიკაპების ცალკეული ეგზემპლარები იქმნებოდა ავტოქარხნებისა და ავტოსარემონტო საწარმოების ბაზაზე, სერიული სედანების ძარის გადაკეთებით - ამისთვის ხშირად დეფექტურ ძარებს იყენებდნენ ხოლმე. ავტოქარხნები ასეთ მანქანებს ძირითადად თავისივე ტერიტორიაზე იყენებდნენ მცირე ტვირთის გადასაზიდად.

gaz21 pickup

იმის გათვალისწინებით, რომ მარტო ტოლიატის ავტოქარხანა 660 ათას ავტომობილს უშვებდა წელიწადში, დეფექტური ძარების რიცხვი და შესაბამისად, დამზადებული პიკაპების რაოდენობაც ბევრად აღემატებოდა შიდა საჭიროებებს. მიუხედავად ამისა, გაყიდვაში ეს მანქანები არასოდეს ყოფილა, მათ ქარხნის შეფობის ქვეშ მყოფი ორგანიზაციები - კოლმეურნეობები, სკოლები, საავადმყოფოებო ღებულობდნენ.

VAZ Pickup

მცირე პარტიებად დამზადდა პიკაპები ГАЗ-69, УАЗ-469 -ის ბაზაზე, მაგრამ სერიულ წარმოებამდე საქმე აქაც არ მისულა.

 uaz pickup

ერთგვარი აღორძინება პიკაპების წარმოებაში საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგ შეიმჩნეოდა - მომრავლებულ კერძო საწარმოებს მცირე სატვირთო ტრანსპორტი ესაჭიროებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ავტოწარმოების მოცულობა კატასტროფულად ეცემოდა, თითქმის ყველა ავტომწარმოებელი საკუთარი პიკაპის გამოშვებას ცდილობდა. საქმე კურიოზებამდეც კი მიდიოდა - ზაპოროჟიეს ავტოქარხანამ პიკაპი ЗАЗ-968-ის ბაზაზე შექმნა! ძრავის უკანა განლაგების გამო სატვირთო განყოფილებისთვის სულ რაღაც ნახევარი მეტრიღა რჩებოდა. ამის მიუხედავად, ქარხანამ 2500 ასეთი მანქანის გამოშვება და რეალიზაცია მოახერხა.

zaz pickup

 

 

 

 

 

© თბილისის ავტომუზეუმი. 2019

Pin It

Premium Downlaod Templatesby bigtheme.org

София Дървени дъски

София Иглолистен дървен материал

Online bookmaker Romenia bet365